სტუდენტური კონფერენცია „თავისუფლება და ერთობა“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური კონფერენცია „თავისუფლება და ერთობა“


თავისუფლება და ერთობა - ასეთი თემატიკა შეარჩია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტობამ კონფერენციაზე განსახილველად და ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვა.

 

რის ფასად მოიპოვა საქართველომ თავისუფლება და რა გზა გაიარა ქართველმა ხალხმა იმისათვის, რომ ეცხოვრა ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოში. ამ საკითხების შესახებ საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს: უნივერსიტეტის სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა: თორნიკე მერებაშვილმა, ეკატერინე აბაშიძემ, ლიზი ჩიმჩიურმა, ლექსო კულუამ, თინათინ ლობჯანიძემ, ნუცა ნუცუბიძემ, მარიამ კალატოზიშვილმა, დეა დვალმა; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტმა მარიამ ნაზარაშვილმა და ხაზისპირა რეგიონის, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალეს, სკოლის მოსწავლემ თამარ აქუბარდიამ.

 

სტუდენტებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სახელმწიფოსა და ეკლესიის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის; გიორგი კვინიტაძის დაბრუნება; მარო მაყაშვილის ხანმოკლე ცხოვრებისა და გმირობის ისტორია; დმანისის კონფლიქტი ეთნიკური ქვეტექსტით; ბილინგვიზმი საბჭოთა საქართველოში; ხაზისპირა რეგიონის გაუმჭვირვალე პრობლემები; ჟურნალისტის თავისუფლების ხარისხი სტუდენტობიდან 20 წლის შემდეგ; 2020 წლის არჩევნები ჯო ბაიდენმა კი არ მოიგო, არამედ - დონალდ ტრამპმა წააგო...; „მარგარეტ ტეტჩერი და მსოფლიო პოლიტიკის ისტორია, ენობრივი თამაშები და სხვ.

 

სტუდენტების ნამუშევრებმა უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძისა და პროფესორ-მასწავლებლების, ასევე, მოწვეული სტუმრების, დიდი მოწონება დაიმსახურა. თითოეული მოხსენება გამოირჩეოდა თემის აქტუალობით, არგუმენტებული მსჯელობითა და საინტერესო ანალიზით. კონფერენციის მონაწილეებისათვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ხაზისპირა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლის თამარ აქუბარდიას მოხსენება: „მცოცავი ოკუპაცია“ - საზღვრებმოშლილი საქართველო...

 

„თავისუფლების საკითხს სკოლიდან და სტუდენტობიდან უნდა სწავლობდეს ახალგაზრდა. ამ თემის პოპულარიზაცია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია იმის გათვითცნობიერება, სად არის ჩვენი ფესვები. ამ მხრივ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გამორჩეულია, ის ყოველთვის აძლევს სტუდენტს შესაძლებლობას განვითარდეს, ისწავლოს მსჯელობა, ჩაერთოს დისკუსიაში და სხვასაც თამამად გაუზიაროს თავისი მოსაზრება. პირადად მე უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ასეთმა პროექტმა: „ვსაუბრობთ ბავშვის უფლებათა კოდექსზე“, შემძინა სითამამე, ვიყო აქტიური და ვისწავლო უფრო მეტი, ჩემი განვითარებისთვის“ - განაცხადა ერთ-ერთმა მომხსენებელმა თორნიკე მერებაშვილმა.

 

კონფერენციის კიდევ ერთმა მონაწილემ - მარიამ ნაზარაშვილმა მოხსენება დმანისში რამდენიმე დღის წინ განვითარებულ კონფლიქტს მიუძღვნა : „ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისათვის. სტუდენტისთვის მსგავსი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, საჯარო მმართველობის და სახელმწიფო ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტი ვარ და ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ასეთ აქტუალურ საკითხზე თემის მომზადება. კონფერენციის აუდიტორია იმდენად შესანიშნავი იყო, რომ ძალიან გამიხარდა მონაწილეობა. საქართველოს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს, მე ერთ- ერთი, დღეისათვის ყველაზე აქტუალური, თემა შევარჩიე და მოწონებაც დავიმსახურე. ამის გამო, ძალიან გახარებული ვარ...“

 

კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ემიგრანტი გერმანიიდან, მწერალი და ჟურნალისტი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე - ჯიმშერ ბედიანაშვილი, რომელმაც სტუდენტებს თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო ეპიზოდები გაუზიარა და კონფერენციის ყველა მონაწილე სტუდენტს გადასცა თავისი წიგნი „დამიხატე საქართველო“.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გულიკო გალდავა, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი ნინო შოშიტაშვილი, ჟურნალისტიკის მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი დიანა ტყებუჩავა, ასოცირებული პროფესორი მერი ლომია, ტელერადიოსტუდეიის ხელმძღვანელი ნინო მაჭავარიანი, ამერიკისა და ბრიტანეთის შესწავლის სამეცნიერო - კვლევითი ინსტუტუტის დამფუძნებელი დირექტორი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - მაია ნადარეიშვილი;

 

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო თავისი გადაწყვეტილება: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, თამარ აქუბარდიას სწავლა დაფინანსდება საუნივერსიტეტო გრანტით.

 

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, მათი ნაშრომები გამოიცემა კრებულად.