27 აპრილს დასრულდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც სამართლის სფეროში მოღვაწე მეცნიერებისა და დამამთავრებელი კურსის წარჩინებული სტუდენტებისათვის იყო განკუთვნილი.
კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა განიხილეს: „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გავლენა ამავე სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ განხილული ან განსახილველი სახელმწიფოთაშორისი და ინდივიდუალური საქმეების შესახებ".
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სახელით კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა.
კონფერენციაზე სამართლის სფეროს ექსპერტებმა, მეცნიერებმა წარმოადგინეს სამეცნიერო კვლევები ისეთი მნიშვნელოვანი საქმეების შესახებ, როდესაც საერთაშორისო სასამართლოებში მოდავე მხარეებად სახელმწიფოები გამოდიან.
კონფერენცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ორგანიზებით მიმდინარეობდა.