ულტრათანამედროვე მულტიმედიაცენტრი მომავალი ჟურნალისტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ულტრათანამედროვე მულტიმედიაცენტრი მომავალი ჟურნალისტებისათვის


„ახალი მედიასტანდარტი ძველ ისტორიულ ღერძზე“ - ამ სლოგანით დაიწყო ფუნქციონირება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ახალმა ულტრათანამედროვე მულტიმედიაცენტრმა, რომელიც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებისათვის შეიქმნა.

 

ცენტრის მიზანია საუნივერსიტეტო და სალექციო სწავლება მაქსიმალურად დაუახლოოს სატელევიზიო და ზოგადად მედიასივრცეში დღეს არსებულ მოთხოვნებს და სხვადასხვა ჟანრის ჟურნალისტური პროდუქტის მომზადების ცოცხალ სარედაქციო პროცესს.

 

სტუდენტებს საშულება ექნებათ იმიტირებული პირდაპირი ეთერის მეშვეობით საფუძვლიანად დაეუფლონ „ახალი ამბების“ მომზადების სპეციფიკას, საკუთარი თავი იპოვონ როგორც წამყვანის, რეპორტიორის, პროდიუსერის, რეჟისორის,ოპერატორის, მემონტაჟის, ისე ნებისმიერი დამხმარე ტელეპერსონალის ამპლუაში. ახალ მულტიმედიაცენტრში პრაქტიკული უნარ - ჩვევების დაუფლების საშუალება ექნება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ყველა სტუდენტს.

 

ცენტრი აღჭურვილია როგორც სასწავლო, ისე პროფესიონალური აპარატურით, სამონტაჟოებით და ყველა იმ ტექნიკური საშუალებით, რაც აუცილებელია სატელევიზიო სიუჟეტის, მცირე მასშტაბის თოქშოუს, საიმიჯო ფილმებისა და საფონდო სიუჟეტების მოსამზადებლად.

 

ცენტრის მიზანია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის ყველა კურსდამთავრებული მაქსიმალურად მომზადებული შევიდეს მეტად კონკურენტულ ტელე და ზოგადად მედიასივრცეში.

 

მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, ჟურნალისტი თათია (მაია) პაჭკორია. ტექნიკურ-პროფესიულ სწავლებას კი რეჟისორი ბექა მუკბანიანი უძღვება.

წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ მულტიმედიაცენტრს.