სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებულის დებიუტანტები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებულის დებიუტანტები


28 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებულის - “დებიუტი“, მეხუთე გამოცემის პრეზენტაცია. კრებულში წარმოდგენილია ახალგაზრდების პოეზია, პროზა, პუბლიცისტიკა, თარგმანები, ასევე, ფერწერული ნამუშევრები.

 

2016 წლიდან პროექტი ყოველწლიურად 50-მდე ახალგაზრდა ავტორს აძლევს საშუალებას წარმოადგინოს თავისი შემოქმედება, ირწმუნოს და განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები. “დებიუტმა“ ერთმანეთს გააცნო და გააერთიანა შემოქმედი ახალგაზრდები და დადებითი დატვირთვა შეიძინა იმ თვალსაზრისითაც, რომ სტუდენტები თავად ჩაერთვნენ მისი შემდგომი გამოცემების (2018წ, 2019წ.) ორგანიზებაში.

 

პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის დაფინანსებით, წელს მისი პარტნიორი გახლდათ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. პროექტის ავტორი და რედაქტორია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სალომე კაპანაძე.

 

სიმბოლურია, რომ პროექტის 2020 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ქართველი მწერლისა და მოაზროვნის - გრიგოლ რობაქიძის, დაბადების დღეს მისივე სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა.

 

კრებულში წარმოდგენილი ჟანრების შესაბამისად, გამარჯვებული გამოვლინდა ოთხ ნომინაციაში: “საუკეთესო ლექსი“, “საუკეთესო პროზა’, “საუკეთესო ესე“, “საუკეთესო თარგმანი“.

 

წელს “დებიუტის“ გამარჯვებულები გახდნენ:

 

პოეზია: ანა ვარშანიძე - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი;

 

პროზა: ივდით კვიტია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი;

 

პუბლიცისტიკა: ქეთი გახოკია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი;

 

თარგმანი: ანა ზაქრაძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

 

გამარჯვებულ ავტორებს გადაეცათ სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი ჯილდო - 250 ლარი.

 

“დებიუტის“ მეოთხე კრებულის საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:

  1. ნინო სადღობელაშვილი - მწერალი, პროზაიკოსი;
  2. არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე) - პოეტი, პროზაიკოსი; საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
  3. ქეთი დუმბაძე - ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი.

ვულოცავთ გამარჯვებულებს და შემდგომ წარმატებას ვუსურვებთ შემოქმედებით საქმიანობაში.