ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პროექტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან.
6 აგვისტოს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის - 2250 ლარის, ნახევრის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ დაენიშნებათ „მინისტრის სტიპენდია“ სემესტრულად, 750 ლარის ოდენობით.
ურთიერთგაგების მემორანდუმი უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციების, სამხედრო ქვედანაყოფებში ექსკურსიების, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებისა და სამხედრო თემატიკის შესახებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას ითვალისწინებს. ასევე, იგეგმება პროექტის - „ჩვენი ჯარი“, ფარგლებში, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ სტუდენტებისათვის საქართველოს სამხედრო ისტორიის, საქართველოს ეროვნული გმირების, საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობისა და სხვა თემატური საკითხების შესახებ პრეზენტაციების გამართვა.
„ჩვენ ერთად უნდა დავაფასოთ ჩვენი სამხედროები და ვიზრუნოთ მათ ოჯახებზე, რადგან ისინი, ვინც თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს და უსაფრთხოებას და ზრუნავენ ქვეყნის მომავალზე, ჩვენი ვალია, რომ ვიზრუნოთ ანალოგიურად მათი შვილების მომავალზე” - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა - ირაკლი ღარიბაშვილმა, სამინისტროში გამართულ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. ღონისძიებას პროექტში ჩართული სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე, რომელმაც პროექტში მონაწილეობისთვის მზადყოფნა ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურა.
ახალი ინიციატივა ახალგაზრდების სამხედრო საქმით დაინტერესების, სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული მეცნიერების განვითარებისა და ქართული ჯარის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.