გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი ასრულებს სწავლას. ისინი, ვინც სწავლის გაგრძელებას გეგმავს, ხშირ შემთხვევაში, კვლავ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ირჩევს.
რა განაპირობებს მათ ამ არჩევანს?
როენა ბახია - ფსიქოლოგიის მიმართულების IV კურსის სტუდენტი
ოთხი წლის წინ კრძალვით შევაღე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კარები და ვერც წარმომედგინა, რომ აქ გატარებული თითოეული დღე ასეთი მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის, ასე შევიყვარებდი ამ გარემოსა და ჩემს პედაგოგებს, შევიძენდი ამდენ მეგობარს.
უნივერსიტეტმა მასწავლა როგორ უნდა აქციო საკუთარი მარცხი საკუთარ გამარჯვებად, როგორ უნდა იბრძოლო შენი მიზნების მისაღწევად, შემძინა თავდაჯერებულობა და, რაც მთავარია, ცოდნა.
როდესაც სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე, სხვა ვარიანტი არც განმიხილავს, რადგან ვიცი, რომ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ნამდვილად საუკეთესო განათლებას მივიღებ საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ლექტორების წყალობით, სადაც მელოდება საინტერესო პროექტები და ჩემი სტუდენტური გაერთიანება - ალმა მატერი.
ნატა კურტანიძე, გიორგი კარსანიძე - ფსიქოლოგიის მიმართულების IV კურსის სტუდენტები
ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ეპიზოდები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს უკავშირდება: აქ შევიძინეთ დიდი ცოდნა, გავიცანით საინტერესო პედაგოგები და, რაც მთავარია, აქ ვსწავლობთ ერთად, მეუღლეები, ვეხმარებით ერთმანეთს და ვაძლიერებთ.
ეს უნივერსიტეტი ჩვენთვის სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია: აქ ყოველდღიურად გაჩვევენ აზრს, რომ ხარ დამოუკიდებელი, თავისუფალი, მოაზროვნე ადამიანი, ანგარიშს უწევენ შენს მოსაზრებებს, განდობენ სერიოზულ პროექტს, რითიც იძენ თავდაჯერებულობას, პიროვნულ თუ პროფესიული უნარ-ჩვევებს. ყველა გეხმარება, რომ დაოსტატდე და შენი სტუდენტური ცხოვრება გახდეს საინტერესო.
წელს ბაკალავრიატს ვამთავრებთ და, რასაკვირველია, სწავლას ისევ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ვაგრძელებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ კარგი არჩევანია ჩვენი სპეციალობის ღრმად დაუფლებისთვის.
ანა მანველიშვილი- საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის IV კურსის სტუდენტი
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ვასრულებ საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სასწავლო კურსს. ალმა მატერის პროფესიონალთა გუნდი მაძლევს ძალიან დიდ სტიმულს და მაფიქრებს, რომ მაგისტრის დიპლომისთვის ბრძოლა ისევ და ისევ ჩემს ქვეყანაში, კერძოდ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გავაგრძელო.
ოთხი წლის განმავლობაში მივიღე დიდი გამოცდილება, გავიზარდე პროფესიულად და ვეზიარე ევროპულ განათლებას: ბერლინში, ვურცბურგსა და მიუნხენში გავეცანი გერმანიის პოლიტიკას, საინტერესო შეხვედრები ბუნდესთაგში, პოლიტიკოსებთან და უცხოელ სტუდენტებთან ჩემი მომავალი პიროვნული განვითარების უდიდესი მოტივატორი გახდა.
შემდეგი გამოცდილება უკავშირდება საფრანგეთს, ერთი სემესტრი გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი სიანს პო რენის უნივერსიტეტში (Sciences-Po Rennes), პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლაში და ჩემთვის ეს იყო დაუვიწყარი პერიოდი. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ფრანგულის გაძლიერებული სწავლების პროგრამა დამეხმარა რომ სრულად შემეგრძნო ამ ქვეყნის საგანმანათლებლო სიკეთეები.
ყოველივე ამის გამო კვლავ ვირჩევ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, აქ მუდამ ყურადღებით უსმენენ სტუდენტებს და მაქსიმალურად აძლევენ თვითრეალიზების საშუალებას.
მეგი გუტაშვილი - სამართლის მიმართულების IV კურსის სტუდენტი
2016 წელს გამიმართლა, მოვხვდი ისეთ უნივერსიტეტში, სადაც ახალ გარემოსთან შეგუება არ გამიჭირდა. აკადემიური პერსონალის მეგობრული დამოკიდებულება მეხმარება წარმატებით დავასრულო ბაკალავრიატი და დავეუფლო პროფესიას. დიდი სურვილი მაქვს მაგისტრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტში დავიცვა. ეს გადაწყვეტილება ბევრი მიზეზის გამო მივიღე, მათგან მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ:
- გამოცდილმა და წარმატებულმა აკადემიურმა პერსონალმა ცოდნასთან ერთად მომცა დამოუკდებლად აზროვნებისა და ცხოვრების უნარი. ამას სტუდენტსა და ლექტორებს შორის სრულიად უშუალო, თავისუფალი და შემოქმედებითი ურთიერთობა განაპირობებს;
- აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო უნივერსიტეტებთან მაძლევს შესაძლებლობას შევიძინო ახალი ცოდნა და გავიმყარო პროფესიული უნარები;
- უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროექტი მეხმარება ვიყო ლიდერი და აქ მიღებული ცოდნა გავუზიარო შემდგომ თაობას;
- უნივერსიტეტის კომფორტული გარემო ხელს მიწყობს ნაყოფიერ მუშაობაში.
დარწმუნებული ვარ, ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ეტაპის წარმატებით დასრულებაში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სათანადო წვლილს შეიტანს.
მეგი დათაშვილი - სამართლის მიმართულების IV კურსის სტუდენტი
მსმენოდა, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, ძალიან ძლიერი სკოლა, ძლიერი გუნდით.
დღეს სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ, ვასრულებ სწავლას და ვაჯამებ შედეგებს: თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში თანამედროვედ მოაზროვნე, საინტერესო პედაგოგები და ამ დარგის ცნობილი სპეციალისტები მასწავლიდნენ. თეორიულად მიღებულ ცოდნას საუკეთესო პრაქტიკული მეცადინეობები ენაცვლებოდა, პროფესიულად გავიზარდე, ბევრი რამ ვისწავლე და გავაცნობიერე.
გადაწყვეტილი მაქვს სწავლა აუცილებლად გავაგრძელო და გავაგრძელო მხოლოდ ამ უნივერსიტეტში, რადგან ეს არის უნივერსიტეტი, სადაც თითოეული ჩვენგანის წარმატების ისტორია იწერება.