“Teen Academy“ – ის პირველი კვირა დასრულდა!
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ყველაზე მასშტაბური პროექტი მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობასა და პიროვნულ/კარიერულ განვითარებას ისახავს მიზანად.
17 თებერვალს “Teen Academy” პროექტით “ფსიქოლოგია“ გაიხსნა. ეს სპეციალობა მოსწავლეებში ყოველთვის დიდ დაინტერესებას იწვევს და წელსაც განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა.
ფსიქოლოგიით დაინტერესებულ მოსწავლეებს პროგრამის ხელმძღვანელმა დავით ძიძიგურმა გააცნო ფსიქოლოგის სპეციალობის მნიშვნელობა და დანიშნულება, აგრეთვე, ინფორმაცია სწავლა-სწავლების, შესასწავლი საგნებისა და აკადემიური პერსონალის შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ, ფსიქოლოგიის მიმართულების დამამთავრებელი კურსის წარჩინებულმა სტუდენტებმა: როენა ბახიამ, სალომე ბერუაშვილმა და მანანა გელაშვილმა მოსწავლეებს განსახილველად შესთავაზეს თემა: “XXI საუკუნის გამოწვევები“ და მათთან ერთად ისაუბრეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა: მავნე ჩვევები, ემოციების მართვა, ყურადღების დეფიციტი, ქცევითი დარღვევა და ჰიპერაქტიულობის სინდრომი, ბულინგი, დეპრესია, მისი გამომწვევი მიზეზები და სხვა საკითხები.
20-21 თებერვალი დაეთმო პროექტს “გახდი ჟურნალისტი“, მოსწავლეებს უნივერსიტეტის რადიო და ტელესტუდიამ უმასპინძლა. შეხვედრის პირველ დღეს მიღებული დავალებების შესაბამისად, მოსწავლეებმა მოამზადეს და ჩაწერეს სიუჟეტები, გაეცნენ რადიოსტუდიის მუშაობას, დაესწრნენ პირდაპირ ეთერს და დაათვალიერეს შემოქმედებითი სახელოსნო.
22 თებერვალს სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღავნელმა ნინო წილოსანმა მოსწავლეებს გააცნო სტომატოლოგის პროფესია, ის კომპეტენციები, რომლებიც უნდა გააჩნდეს პროფესიონალ სტომატოლოგს. მოსწავლეებმა სტუდენტების დახმარებით მცირე სტომატოლოგიური მანიპულაციებიც შეასრულეს.
24 თებერვალს “Teen Academy” პროექტით - “ბიზნესისა და მარკეტინგის საფუძვლები“ გაგრძელდება.