მოდელირება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სწავლა-სწავლების პროცესში უკვე რამდენიმე წელია იყენებს.
გამოცდებისა თუ ლექციების წარმართვა ამ ფორმატში სტუდენტებისათვის უფრო საინტერესო, აღსაქმელად ადვილი და პედაგოგებისათვის შესაფასებლად უფრო მრავალმხრივია.
იანვარში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა და ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭომ ერთობლივად ჩაატარეს გაეროს გენერალური ასამბლეისა (UN) მოდელირება ინგლისურ ენაზე და განიხილეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ პრობლემები.
ღონისძიება სალექციო კურსის - „საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი“, ხელმძღვანელის, სამართლის სკოლის ასისტენტის, ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი თედორაძის მიერ ფინალური გამოცდის ფარგლებში დაიგეგმა, შესაბამისად, ღონისძიების ძირითადი მონაწილეები აღნიშნული სალექციო კურსის სტუდენტები იყვნენ.
მოდელირებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლისა და პარტნიორი უნივერსიტეტების - კავკასიის, საქართველოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებიც, აგრეთვე, საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენლები, ამერიკის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ინტერნეტტექნოლოგიების აკადემიისა და მიდლესექს უნივერსიტეტის სტუდენტები.
მოდელირებულ გენერალურ ასამბლეაზე 22 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა მწვავე დისკუსია, სტუდენტებმა საინტერესო მოსაზრებები და წინადადებები შესთავაზეს სხდომის მონაწილეებს, მიიღეს რეზოლუცია, ამასთან ერთად, შეეცადნენ დაეცვათ თავიანთი ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ჩაცმულობა და მეტყველებაც კი.
სხდომის საზეიმო დახურვის ცერემონიაზე სპიკერმა და მოდელირების ინიციატორმა ირაკლი თედორაძემ შეაჯამა სტუდენტების ნამუშევრები და დაასახელა 3 საუკეთესო მონაწილე:
- ნინო იარაჯული - საუკეთესო დელეგატი, ვინც მიმართა ერებს, აღძრა მათში ერთობისა და ზოგადსაკაცობრიო კეთილშობილების გრძნობა და იყო მშვიდობის მოტივატორი;
- ლევან კერელსელიძე - გამორჩეული დელეგატი, გამოვლენილი საუკეთესო ორატორული და ეფექტური, დიპლომატიური უნარ-ჩვევებისათვის;
- ნინო ბარამია - დელეგატი, რომელმაც შეძლო სრულად გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი - პოლიტიკური აზროვნება, კრეატიულობა; შეძლო თავისი ხედვები გაეზიარებინა ერებისათვის და რეზოლუციის მიღებისას უდიდესი როლი შეეტანა კონფლიქტის მოგვარებაში; გამოსვლების დიდი ვარიანტულობა შესთავაზა სხდომას, თავისი ქვეყნის ინტერესები წარმოადგინა სრულად, არ დათმო პოზიცია და მეტიც, გადმოიბირა ოპონენტი დელეგატები.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, მადლობა გადაუხადა მათ საინტერესო პროექტისათვის და თითოეულ სტუდენტს გადასცა სერტიფიკატი.