უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტების ახალი პროექტი ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის ხელშეწყობას უკავშირდება.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი ძალაში მიმდინარე წლის 1 ივნისიდან შედის და სტუდენტებმა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ სფეროში შექმნილი ვითარება რთულია, მნიშვნელოვნად მიიჩნიეს მოემზადებინათ პროექტი და მოზარდებთან თუ ამ საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად ესაუბრათ კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
პროექტში 13 სტუდენტი-ლექტორი მონაწილეობს, მათ შორის, 2 - ფსიქოლოგიის მიმართულების: თორნიკე მერებაშვილი, სოფიო ჯიბლაძე, თამარ ივანიძე, დავით ბულია, რევაზ მამაცაშვილი, გეტო კაჩალინი, ნინო იარაჯული, მარიამ ბუქური, მარიამ მამუკიანი, თინათინ გოგოლაძე, ქრისტინე ანდრიადი, მაგდა ლომაია და როენა ბახია.
23-28 დეკემბერს პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან გაიმართა.
ერთი კვირის განმავლობაში სამართლის მაგისტანტებმა და სტუდენტმა-ფსიქოლოგებმა მოსწავლეებთან ერთად განიხილეს ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ყველა საკითხი:
- ბავშვის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;
- ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლება;
- ბავშვის უფლება ოჯახზე;
- ბავშვის უფლება სოციალურ დაცვაზე, ცხოვრების სათანადო პირობებსა და განვითარებაზე;
- ბავშვის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის უფლება;
- ბავშვის ძალადობისაგან დაცვის უფლება;
- ბავშვის უფლება მართლმსაჯულებაზე;
- ბავშვის უფლება ალტერნატიულ ზრუნვაზე.
სტუდენტები პრაქტიკული ელემენეტების გამოყენებით, სიტუაციური მაგალითებისა და შემთხვევების განხილვით, როლური თამაშებით, ვიზუალური მასალით უხსნიდნენ მოზარდებს არა მარტო მათ უფლებებს, არამედ იმ მოვალეობებსაც, რომელებიც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე აკისრიათ.
თითოეული შეხვედრა მოსწავლეების დიდი დაინტერესებითა და აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობდა.
პროექტის ფარგლებში გაიმართა სტუდენტებისა და მოსწავლეების შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფიო კილაძესთან და კოდექსის ერთ - ერთ ავტორთან ანა ფირცხალაშვილთან.
სოფიო კილაძემ ისაუბრა კოდექსის მიღების აუცილებლობის, მისი მომზადების პროცესისა და იმპლემენტაციის მნიშვნელობის შესახებ. მადლობა გადაუხადა სტუდენტებს ამ ინიციატივისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები დიდ დახმარებას გაუწევს სახელმწიფოს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაში. შეხვედრის ბოლოს სოფიო კილაძემ მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.
28 დეკემბერს პროექტის პირველი ნაწილი საზეიმოდ დაიხურა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა სტუდენტებს ამ წამოწყებისა და გამოჩენილი გულმოდგინებისათვის, მოსწავლეებს კი - აქტიური მონაწილეობისათვის.
პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, საზეიმოდ გაიჭრა ტორტი.
პროექტს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახური და სამართლის სკოლა.