უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და შემოქმედებითი ინიციატივის ფონდის 2019-2021 წ.წ. პრიორიტეტული პროგრამები
სამეცნიერო კვლევების განვითარება
ფონდი მხარს დაუჭერს ყველა პროექტს/აქტივობას, რომელიც დაკავშირებული იქნება საზოგადოების მხარდაჭერასა და დარგობრივი მეცნიერების განვითარებასთან. აქედან გამომდინარე, ფონდი პრიორიტეტულად ჩათვლის:
ა. ფუნდამენტურ კვლევას, რომელიც ხელს შეუწყობს დარგობრივი მეცნიერების განვითარებას;
ბ. პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების სამართლებრივი, პოლიტიკური და ბიზნესის მიმართულებით განვითარებას. პროექტი შეიძლება იყოს წიგნი, ჟურნალი, ტრენინგი, ლექციათა ციკლი, უნივერსიტეტში კვლევითი ერთეულის ჩამოყალიბება და სხვა მსგავსი აქტივობა. პრიორიტეტულად ჩაითვლება ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობისა და ადამიანის უფლებათა საკითხების გაშუქება.
მეთოდური მუშაობა
თანამედროვე ტიპის სახელმძღვანელო/დამხმარე სახელმძღვანელო, რომლის სტრუქტურა შეიცავს თავებს, პარაგრაფებს/ქვეთავებს. თავი შეიცავს ანოტაციას, ხოლო პარაგრაფი/ქვეთავი - კითხვებს და დავალებებს მკითხველის თვითკონტროლისათვის. ტექსტი უნდა იკითხებოდეს თავისუფლად, გასაგებად - არ უნდა იყოს დატვირთული რთული ან/და რთული ქვეწყობილი წინადადებით. უცხო ან ავტორისეული ტერმინებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას გლოსარიუმი. მარცხენა მხრიდან დაცული უნდა იყოს ველი (3-4 სმ.) სათაურების ან განსაკუთრებული მითითებებისათვის.
საგანმანათლებლო პროგრამის განვითარება
საგანმანათლებლო პროგრამების განვითრება გულისხმობს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებით, ან არსებული პროგრამების მოდერნიზებას უახლესი მეთოდოლოგიური სტანდარტების გათვალისწინებით. პრიორიტეტი მიენიჭება:
ა. ორენოვან პროგრამებს (ქართული, ერთ-ერთი ევროპული ენა);
ბ. ინგლისურენოვან პროგრამებს;
გ. ერთობლივ ან ინტეგრირებულ პროგრამებს, უცხოეთის უნივერსიტეტებთან, ორი დიპლომის მიღებით.
ინიციატივების წახალისება/მხარდაჭერა
დაფინანსდება პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს:
ა. სწავლება-სწავლის პროცესში ახალი მეთოდების (სწავლება-სწავლის ან შეფასების) დანერგვას, ეფექტიანი შემეცნებითი აქტივობის განხორციელებას საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან მის გარეთ;
ბ. სტუდენტთა თავისუფალი დროის გონივრულად ორგანიზებას, კულტურულ-სპოტული და შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარებას სტუდენტთა მასობრივი მონაწილეობით;
გ. სტუდენტებში ტოლერანტობისა და საზოგადოების წევრებისადმი თანადგომის გრძნობის გაღვივებას;
დ. სტუდენტთა მოტივაციის გაღვივებას და მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფას საზოგადოების განვითარებისათვის განხორციელებულ ღონისძიებებში, უპირატესად მოსაწავლე-ახალგაზრდობის ერუდიციის გაფართოების მიზნებისთვის.
პირობები:
- განაცხადები მიიღება, როგორც აკადემიური, მოწვეული ან ადმინისტრაციული პერსონალის, ისე სტუდენტებისაგან. პროექტი შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან/და ჯგუფური.
- დასაშვებია - პროექტის განხორციელებაში, უნივერსიტეტის პერსონალთან/სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდეს გარეშე პირი.
- მსურველები შეზღუდულნი არ არიან ფონდის საპროგრამო ჩარჩოთი. მსურველებს შეუძლიათ წარმოადგინონ პროექტი, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ პროგრამებით.
- პროექტი არ უნდა აღმატებოდეს 10 000 ლარს. უფრო მეტი თანხის მოთხოვნისას კომიტეტი განიხილავს პროექტს და, მიზანშეწონილობის შემთხვევაში, რექტორთან შუამდგომლობის საფუძველზე, შეიძლება გამოიყოს დამატებითი თანხაც.
- განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას დადგენილი ფორმით.
- განაცხადები მიიღება წლის ნებისმიერ დროს. განხილვის პერიოდი მოიცავს 30 დღეს. პასუხი გაეგზავნება განაცხადის წარმდგენს ელექტრონული ფოსტით.