ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯმა საქართველოს უნივერსიტეტებთან მემორანდუმი გააფორმა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯმა საქართველოს უნივერსიტეტებთან მემორანდუმი გააფორმა


ევროკავშირის სამართლის სწავლებისა და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზე ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯი და ქართული უნივერსიტეტები: თბილისის სახელმწიფო, გრიგოლ რობაქიძის სახელობის, ილიას სახელმწიფო, თავისუფალი, საქართველოს, ევროპის, ჰუმანიტარული, თბილისის ღია და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტები, აგრეთვე, ჯიპა თანხმდებიან, რომ განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს ევროკავშირის სამართლის კვლევის მიმართულებით, მათ შორის, სტუდენტებისა და დოქტორანტების გაცვლის გზით.

 

მემორანდუმის პრეზენტაცია გაიმართა 25 ოქტომბერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის მხარდაჭერით.

 

ევროკავშირის სამართლის სწავლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში გამოიცა ევროკავშირის სამართლის დამხმარე სახელმძღვანელო, რომლის ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი - ალექსანდრე დევიძე და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი - გიორგი მირიანაშვილი.

 

სახელმძღვანელო აგებულია პროექტის ფარგლებში შემუშავებული სილაბუსის თემატიკის მიხედვით და შეიცავს ამონარიდებს ევროკავშირის მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილებებიდან, სადამფუძნებლო ხელშეკრულებების მუხლებს, სავარჯიშო კაზუსებსა და კითხვებს.

 

წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ელექტრონულ ვებგვერდზე: www.lawlibrary.info.

 

დამხმარე სახელმძღვანელოს პრეზენტაციაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის მხარდაჭერით 25 ოქტომბერს გაიმართა.