უნივერსიტეტში გრიგოლ რობაქიძის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტში გრიგოლ რობაქიძის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა


28 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საზეიმოდ აღნიშნა დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და მოაზროვნის გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე.

 

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტები, ტრადიციულად, მწერლის ანდერძის თანახმად, ეწვივნენ სვეტიცხოვლის ტაძარს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

 

ღირსშესანიშნავი თარიღისადმი მიძღვნილი სხვა ღონისძიებები უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მეცნიერები, გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების მკვლევრები: ლალი ცომაია, პაატა ნაცვლიშვილი და ეკატერინე ყაველაშვილი; საპატიო სტუმარი არგენტინიდან - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი, მხატვარი და გამომცემელი გოჩა (გაიოზ) შათირიშვილი; სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები; პარტნიორი სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები; აგრეთვე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

 

საზეიმო ცერემონიაზე რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ აღნიშნა, რომ ეს დღე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის, რადგან 1996 წელს სწორედ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების თხოვნით მიენიჭა ალმა მატერს გრიგოლ რობაქიძის სახელი, როგორც თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლო და მადლობა გადაუხადა ყველა სტუმარს საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.

 

გოჩა (გაიოზ) შათირიშვილმა უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა მის მიერ ორიგინალური ილუსტრაციითა და ტექნიკით შესრულებული გრიგოლ რობაქიძის 4 ნაწარმოები: „პაოლო იაშვილს“, „ტიციან ტაბიძეს“, „ფრანგ პოეტს“, „საკუთარი ტოსტი“. ოთხივე ნამუშევარი ერთადერთია, რომელიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამოიფინება.

 

საზეიმო ღონისძიებები უნივერსიტეტთაშორისი სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციით გაგრძელდა. კონფერენციაზე გრიგოლ რობაქიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ საინტერესო მოხსენებები წარადგინეს: ფილოლოგიის დოქტორმა ეკატერინე ყაველაშვილმა; გრიგოლ რობაქიძის სახელობის, საქართველოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტების სტუდენტებმა: მარიამ ფარცვანიამ, ანა მანველიშვილმა, ლილი სალაძემ, აბესალომ ყვიჩიამ, მაგდა ლომაიამ, ნინო ნიკოლაშვილმა, ნიკა მიქაძემ, აგრეთვე, პარტნიორი სკოლების: სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესის“, ევროპული სკოლის, აიბი „მთიებისა“ და №23 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა: თეონა ხელაძემ, ანა ახალაიამ, სალომე ზედგენიძემ, სალომე სულაბერიძემ და ლალი ღერკენაშვილმა.

 

კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. მათ მოხსენებებს უნივერსიტეტი კრებულად გამოსცემს.