23 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო და ტრადიციულად, ამ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა პირველკურსელებთან შეხვედრის სიხარული იყო.
პირველი შეხვედრისა და გაცნობის შემდეგ საღამოს უნივერსიტეტმა პირველკურსელთა წვეულება - Welcome party 2019, გამართა.
ამ საზეიმო ღონისძიებისათვის სხვადასხვა სპეციალობისა და კურსის სტუდენტებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ პირველკურსელებთან შეხვედრა საზეიმო და ლამაზი ყოფილიყო.
საღამოს მიღებაზე უნივერსიტეტის რექტორმა ახალგაზრდებს მიულოცა სტუდენტობა, სწავლის დაწყება და აღნიშნა: „ ...ვფიქრობთ, არჩევანში არ შემცდარხართ, ეს ის ადგილია, სადაც პროფესიონალთა გუნდი გელოდებათ და თანამედროვე გარემო დაგხვდებათ, სადაც ყველა სტუდენტზე ზრუნავს, ყველა ცდილობს დაგეხმაროთ და იყოს თქვენი მეგობარი.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ერთი კარგი ტრადიცია აქვს, ყველა მისი სტუდენტი თუ კურსდამთავრებული, ბოლომდე მის ერთგულ მეგობრად რჩება, ისევე როგორც ამ კედლებში აღზრდილ ყველა ახალგაზრდას უნივერსიტეტი სასურველ, ახლობელ და ანგარიშგასაწევ ადამიანად მიიჩნევს.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და თითოეული თქვენგანის შემოსვლა ალმა მატერში ფეხბედნიერი იქნება, ვიმედოვნებთ, რომ არასოდეს დაივიწყებთ უნივერსიტეტის კედლებში გატარებულ სტუდენტობის საუკეთესო წლებსა და პედაგოგებს …“
მთელი საღამოს განმავლობაში პირველკურსელები უნივერსიტეტისადმი სიყვარულსა და სტუდენტობით გამოწვეულ სიხარულს გამოხატავდნენ.
საღამოს ამაღელვებელი წუთი იყო კურსდამთავრებულების მიერ პირველკურსელთათვის ესტაფეტის გადაცემისა და საზეიმო ფიცის დადების ცერემონია.
საღამო ფეიერვერკებითა და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.
უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს სწავლის დაწყებას და წარმატებას უსურვებს მათ სწავლაში.