უნივერსიტეტი ჰოლოკოსტის ისტორიის შესახებ სწავლებასა და კვლევების განხორციელებას იწყებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტი ჰოლოკოსტის ისტორიის შესახებ სწავლებასა და კვლევების განხორციელებას იწყებს


2019 წლის 19 ივლისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა ისრაელის დელეგაცია მიიღო. დელეგაციის შემადგენლობაში იყვენენ ქნესეთის წევრები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართა საქართველოში „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშესა და ისტორიის დოქტორის ნონა ჭანტურიას ინიციატივით.

 

სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემო და განიხილეს ისრაელ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

 

ერთობლივი შეთანხმებით, დაიგეგმა უნივერსიტეტში ისრაელისა და ჰოლოკოსტის შესახებ სწავლებისა და კვლევების განხორციელება, კერძოდ, საგანამანათლებლო პროგრამებში „ჰოლოკოსტის ისტორიის“ სასწავლო კურსის ჩართვა და ისრაელის სახლის მხარდაჭერით სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების, კონფერენციებისა და საჯარო ლექციების, აგრეთვე, სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელება.

 

მაშინ, როცა ანტისემიტიზმი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიჰუმანისტურ თეორიად და განწყობად რჩება, საქართველოში ებრაელი ერის გენოციდისადმი განსაკუთრებული ყურადღების დათმობა და საუნივერსიტეტო სივრცეში ჰოლოკოსტის არსისა და უნიკალურობის სწავლება, განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა შეხვედრის მონაწილე ებრაელებისათვის.

 

ისრაელის სახლის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ ამ ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძესა და კურსის ავტორს ნონა ჭანტურიას და აღნიშნა, რომ როდესაც ებრაელები სწავლობენ ჰოლოკოსტის ისტორიას, ამით იხსენებენ განვლილ გზას, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასწავლიან - ამით აცნობენ თავის ისტორიას, ხოლო როდესაც მეგობარ ქვეყანაში სწავლობენ ებრაელთა გენოციდის ისტორიას, ეს მეგობრობის, ურთიერთპატივისცემის, მხარდაჭრისა და სიყვარულის გამოხატულებაა ერთად.

 

ქნესეთის მმართველი კოალიციის ლიდერმა, დავიდ ბიტანმა და ქნესეთის წევრმა, ოსნათ ჰილა მარკმა, მაღალი შეფასება მისცეს ამგვარი თანამშრომლობის დაწყებას და მხარდაჭერა აღუთქვეს უნივერსიტეტს.

 

შეთანხმების თანახმად, წელიწადში ერთხელ კონკურსის წესით შერჩეული საუკეთესო სტუდენტი სასწავლო-შემეცნებითი ტურის ფარგლებში გაემგზავრება ისრაელში.

 

უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, დაიგეგმა აგრეთვე „ისრაელის კაბინეტის“ გახსნა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ჰოლოკოსტისა და ისრაელის შესახებ სწავლებისა და კვლევის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

 

შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ ებრაელ სტუმრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. აღნიშნა, რომ უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო ბაზა და აკადემიური პოტენციალი, იმისათვის რომ ებრაულ უნივერსიტეტებთან და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორივე მხარისათვის შედეგიანი და სასარგებლო იყოს.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები უკვე 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყება.