სტუდენტთა თაობებს შორის უწყვეტი კავშირის შენარჩუნება და კურსდამთავრებულებთან და დამსაქმებლებთან თანამშრომლობის ერთიანი პლატფორმის შექმნა ახალგაზრდებში ცოდნის პრაქტიკაში გადატანის უნარ - ჩვევების ფორმირებას ემსახურება და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
22 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა სადაზღვევო კომპანია „იმედი L”-ის წარმომადგენლებთან, რომლის ინიციატორი იყო ბიზნესისა და მართვის სკოლის კურსდამთავრებული და კომპანიის კორპორაციული გაყიდვების წარმატებული მენეჯერი ზურაბ მურაკაშვილი.
შეხვედრაზე სადაზღვევო კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა დავით დათუსანმა, პროექტების მენეჯერმა ნიკა ქირიამ და ზურაბ მურაკაშვილმა სტუდენტებს გააცნეს პროექტი „გახდი სადაზღვევო მრჩეველი“ და, ამასთანავე, ისაუბრეს ეფექტური კომუნიკაციის ხელოვნების შესახებ.
სს სადაზღვევო კომპანია „იმედი L” სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ პროექტს: სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამას -გახდი სადაზღვევო მრჩეველი. პროექტი ხორციელდება იმედი L-ის აკადემიის ეგიდითა და მასში მონაწილეობენ სადაზღვევო სფეროს წამყვანი, პრაქტიკოსი მენეჯერები.
პროგრამის მიზანია პრაქტიკულ კურსზე სპეციფიკური ტექნიკის გამოყენებით სტუდენტებმა:
- განავითარონ ეფექტური კომუნიკაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
- შეძლონ მოლაპარაკების სწორად დაგეგმვა და წარმართვა;
- გამოიმუშავონ ბიზნესგარემოში წერილობითი თუ აუდიტორიის წინაშე ზეპირი პრეზენტაციების წარმართვის უნარი;
- დამაჯერებლად წარმოაჩინონ ცოდნა (დამაჯერებლობა მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ადამიანების დასარწმუნებლად);
- შეიძინონ უცხო გარემოში სწრაფი ადაპტირებისა და მოქმედების უნარი.
სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები მომხმარებელთა ქცევის ფსიქოლოგიის, ეფექტური კომუნიკაციებისა და სადაზღვევო სფეროს ძირითადი თემების შესახებ, ხოლო პროექტის პრაქტიკულ ნაწილი დაეთმობა მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში რეალიზებას.
შეხვედრის დასასრულს დავით დათუსანმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხ. აქ