საინტერესო და მრავალფეროვანი - ასე შეაფასეს მოსწავლეებმა პროექტი „გახდი ჟურნალისტი“, რომელიც „Teen Academy”-ის ფარგლებში 11-14 მარტს მიმდინარეობდა უნივერსიტეტში.
პროექტის პირველ დღეს მთავარ კამპუსში შეკრებილ მოსწავლეებს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა ბაია კოროშინაძემ გააცნო პროგრამა და სწავლების ძირითადი პრინციპები.
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ხათუნა კაჭარავამ და უნივერსიტეტის რადიოს ხელმძღვანელმა ნინო მაჭავარიანმა პროექტის მონაწილეებთან ერთად განიხილეს ჟურნალისტიკის საფუძვლები, ტელევიზიასა და რადიოში მუშაობის სპეციფიკა, მედიის თავისუფლებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვის აუცილებლობის საკითხები.
პროექტის მეორე დღე რადიოში მუშაობას დაეთმო, მოსწავლეები დაესწრნენ პირდაპირ ეთერს, სტუდიაში ჩაწერეს ტექსტები. იმუშავეს სწორი დიქციის ჩამოყალიბებაზე.
14 მარტს აბიტურიენტები მონაწილეობდნენ „ტელეკომპანია 24“ - ის სატელევიზიო გადაცემებში. ჩაწერეს ხმები და შექმნეს მოდელირებული ინტერვიუ მათ საყვარელ რესპონდენტებთან, რის შემდეგაც დაესწრნენ თეიმურაზ ფაფერაშვილის ლექციას, რომელმაც ისაუბრა სატელევიზიო სახელოსნოს მუშაობის პრინციპების შესახებ და უჩვენა მოსწავლეებს სტუდიის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმები.