იცნობდეთ გვანცა დარჩიაშვილს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


იცნობდეთ გვანცა დარჩიაშვილს


უნივერსიტეტი სტუდენტებს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან სოციალურ ფენას და ხელს უწყობს მათი შემოქმედებითი ველის გაფართოებას.

 

იცნობდეთ წარმატებულ სტუდენტსა და სტარტაპერს!

 

მე ვარ გვანცა დარჩიაშვილი, 20 წლის, ვსწავლობ მედიცინას, კერძოდ, სტომატოლოგიას და ვარ მე-3 კურსზე.

 

მაღალი დონის განათლების მიღების გარდა, ყოველთვის მსურდა საკუთარი სტარტაპის წამოწყება და მისი ბიზნესად განვითარება.

 

ბავშვობიდან კარგად მეხერხებოდა ხელნაკეთი ნივთების, სილამაზეების შექმნა, ყოველთვის ამის გარშემო ვტრიალებდი. იყო პერიოდი, როდესაც ჩემ მიერ გაკეთებულ ნაციონალურ-დეკორაციულ აქსესუარებს ერთ-ერთ უდიდეს ჰიპერმარკეტში ვაბარებდი, თუმცა, მაინც მუდმივად ვფიქრობდი შემექმნა რაიმე ისეთი, რაც ხალხისათვის იქნებოდა სიახლე და ამასთან, საინტერესო.

 

ასე შევქმენი მედარტი - MEDART.

 

იდეა ჩემი პირადი გამოცდილებიდან მომდინარეობდა. მედიცინის სტუდენტს არ აქვს უფლება, ლექციას/სემინარს დაესწროს თეთრი ხალათის გარეშე. პირველივე კურსზე გავიქეცი ხალათის შესაძენად, ვიყიდე კიდეც, თუმცა, არჩევანის საშუალება სრულიად არ მქონდა, იყო ყველაფერი ერთნაირი და ამასთანავე ერთნაირად უხარისხო.

 

ალბათ დამეთანხმებით, რამდენად რთულია, სულ ერთი და იგივე, გაუხალისებელი სამოსით სიარული - უნივერსიტეტსა თუ სამსახურში.

 

ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო შევქმენი მედარტი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია აარჩიოს სხვადასხვა დიზაინის, ფერის, სტილის, ფორმის, ქსოვილის ხალათები და უნიფორმები. თითოეული შექმნილია ნატურალური ქსოვილით და დამუშავებულია ხელით, წარწერებითა და ნაქარგებით, დატვირთულია ანიმაციებით პედიატრებისა და ბავშვთა სტომატოლოგებისათვის, დავამუშავეთ ხალათები კარდიოლოგებისთვის და სხვადასხვა ვიწრო თუ ფართო სპექტრის ექიმებისათვის.  

 

მოკლედ რომ ვთქვათ, მედარტი ორიენტირებულია იმაზე, რომ გაულამაზოს და გაუმარტივოს ყოველი დღე მედიცინის ყველა წარმომადგენელს - დაწყებულს სტუდენტით, დამთავრებულს შემდგარი ექიმით და რაც მთავარია - ჩვენ ვზრუნავთ მათზე, ვინც ზრუნავს სხვებზე.

 

როდესაც ირჩევთ მედარტს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად ირჩევთ: კომფორტს, სილამაზეს, ინდივიდუალიზმს.

 

 

საკონტაქტო პირი: გვანცა დარჩიაშვილი - 577 66 02 28