18 თებერვალს დასრულდა სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების პროექტი, რომელსაც, უნივერსიტეტის მოწვევით, ადამიანური რესურსების მართვისა და ზრდასრულთა განათლების სპეციალისტი, მაკა კუკავა, ხელმძღვანელობდა.
სამთვიან ტრენინგკურსში, ექსპერტის მიერ გასაუბრების წესით შერჩეული 25 სტუდენტი მონაწილეობდა.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა განიხილეს საკითხები: საკუთარი შესაძლებლობების, უნარების, პიროვნული თვისებებისა და ინტერესების იდენტიფიცირება, პროფესიული ორიენტაცია, პიროვნული მახასიათებლები და მოტივაციური ფაქტორები, დაწესებულებაში პერსონალის როლი და ფუნქციები, სამუშაოს ეფექტურობისათვის საჭირო კომპეტენციები. შეისწავლეს, აგრეთვე, რეზიუმეს შედგენა და დამსაქმებლებთან კომუნიკაციის ხელოვნება, ინტერვიუს სწორად წარმართვა, დინამიკა და ტექნიკა, სამუშაოსთან ადაპტაციისა და ორგანიზაციული კულტურის ძირითადი მახასიათებლები და სხვა.
მეცადინეობების ბოლოს სტუდენტებმა ექსპერტის ფასილიტაციით თეორიულად განხილული საკითხები პრაქტიკულად შეასრულეს და იქვე მისი შედეგებიც შეაჯამეს.
პროექტის ბოლო მეცადინეობები სახელმწიფო უწყებებისა და კერძო კომპანიების ადამიანური რესურსების მიმართულების ხელმძღვანელებთან პანელურ დისკუსიას დაეთმო.
პროექტში საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
პროექტის დასრულება უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ შეაჯამა, მან მადლობა გადაუხადა ექსპერტს საინტერესო პროექტისათვის და ყველა მონაწილე სტუდენტს სერტიფიკატები გადასცა.
შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტსა და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს შორის შემდგომი თანამშრომლობაც დაიგეგმა.
საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge