იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდა ზოგად უნარებში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდა ზოგად უნარებში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ორ დღეს გაგრძელდა ზოგადი უნარების იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდა, რომელშიც თბილისის, რუსთავის, მარნეულის, თიანეთის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, გორის, ქარელის, კასპის, ზესტაფონის, ყვარლის, მცხეთის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 

ტესტირების მიზანს ცოდნის შემოწმება და ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა მომზადება წარმოადგენდა.

 

უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, იმიტირებულ გამოცდამდე მოსწავლეებისათვის გაიმართა ტრენინგი.

 

ტესტებისა და ტრენინგის მოსამზადებლად საგანგებოდ შეირჩია ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, უნივერსიტეტის პროფესორი მაია გოგიაშვილი.

 

ტესტების ვერბალური და მათემატიკური ნაწილი 40-40 კითხვას შეიცავდა და მის შესასრულებლად აბიტურიენტებს, დადგენილი წესის შესაბამისად, 3.10 საათი ჰქონდათ განსაზღვრული.

 

გამოცდა წესებისა და პროცედურების სრული დაცვით წარიმართა, რომელსაც ახლდა ემოცია, ღელვა, გულშემატკივრობა. გულშემატკივართა შორის გამოირჩეოდა საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმის სკოლის პედაგოგი ციცინო მექოშვილი, რომელიც ორივე დღეს მოუძღოდა მოსწავლეებს იმიტირებულ გამოცდაზე.

 

გამოცდის შედეგები 2-3 დღეში გახდება ცნობილი. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი ნაშრომი ინდივიდუალურად განიხილონ პროფესორთან და მისგან რჩევები და კონსულტაციები მიიღონ.

 

საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტებს უნივერსიტეტი სასწავლო გრანტს გადასცემს.

 

იმიტირებული გამოცდა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მის მომზადებაში ასისტენტები და წარჩინებული სტუდენტები მონაწილეობდნენ.

 

უნივერსიტეტი თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია m.lomia@gruni.edu.ge