შუალედური გამოცდა პრაქტიკულად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შუალედური გამოცდა პრაქტიკულად


სწავლა-სწავლების პროცესში პრაქტიკული ელემენტების ჩართვა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ფორმირებასთან ერთად სტუდენტებს სხვა მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებსაც უვითარებს, რომლებიც მათი პიროვნული და კარიერული ზრდისა და განვითარების განმსაზღვრელია.

 

უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა შუალედური გამოცდა საგანში - წერითი და ზეპირი ეტიკეტი ოფიციალურ ურთიერთობებში, პრაქტიკულად ჩააბარეს.

 

სტუდენტებმა, სპეციალობის შესაბამისად, აირჩიეს თემატიკა და სამუშაო შეხვედრის ფორმატი და მოამზადეს საქართველოს პარლამენტის იმიტირებული სხდომა.

 

განსახილველ საკითხად მათ წარმოადგინეს საკანონმდებლო ინიციატივა ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ, რომელიც მოამზადა სტუდენტმა ქეთევან ლაბაძემ.

 

სხდომაზე სხვადასხვა პარტია, რომელსაც სტუდენტთა სხვადასხვა ჯგუფი წარმოადგენდა, შეეცადა თავისი მოსაზრებები არგუმენტებულად და დამაჯერებლად გადმოეცა.

 

შეხვედრა ორ სხდომად გაიმართა, მეორე სხდომა წინადადებების შეჯერებასა და ერთობლივი გადაწყვეტილების ფორმირებას დაეთმო.

 

სალექციო კურსის ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის დოქტორმა მერი ლომიამ სტუდენტები შეაფასა მათი პიროვნული, შინაარსობრივი და ზოგადი მახასიათებლების მიხედვით, კერძოდ: თავდაჯერებულობის, აზრის ნათლად გამოცემა/ჩამოყალიბებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის; ეფექტური მოსმენის, ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის; პოზიტიური პიროვნული ქცევებისა და დამოკიდებულებების; თემის შესახებ შინაარსობრივი დისკუსიის წარმართვის, კითხვებზე ლოგიკური და თანმიმდევრული პასუხების, ინფორმაციის გადმოცემისას გამოთქმული მოსაზრებების ფაქტებითა და კონკრეტული მაგალითებით გამყარების, ქცევისა და ეტიკეტის სხვა კომპონენტების შესაბამისად.

 

შეხვედრის დასასრულს პედაგოგმა შეაჯამა სტუდენტების ნამუშევარი, თავისი მოსაზრებები და შენიშვნები გაუზიარა მათ.

 

სტუდენტები ფინალურ გამოცდასაც პრაქტიკულად ჩააბარებენ.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge