29 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „ლეონარდო და ვინჩის“ ფარგლებში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის გამარჯვებულებსა და ფინალისტებს უმასპინძლა.
მოსწავლეებმა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების წინაშე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს და მასპინძლებისაგან მაღალი შეფასებებიც დაიმსახურეს.
კონკურსის გრანპრის მფლობელებს, სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-GESS”-ის მოსწავლეებს, უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 100%-იანი სასწავლო გრანტი გადაეცათ. სასწავლო გრანტი მიიღო კონკურსის ყველა ფინალისტმაც.
საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებს წარმატება მიულოცეს: უნივერსიტეტის რექტორმა - მამუკა თავხელიძემ, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა- მურთაზ კვირკვაიამ, უნივერსიტეტის სტუდენტმა, აღნიშნული კონკურსის ორგზის გამარჯვებულმა გიორგი ნიორაძემ, გიმნაზია „აია-GESS”-ის დირექტორმა რუსუდან ბოლქვაძემ, შოთა რუსთაველის ფონდის წარმომადგენელმა მაკა ხურციძემ.
დაჯილდოების ცერემონიის ბოლოს უნივერსიტეტმა და გიმნაზიამ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა უნივერსიტეტის სასწავლო გარემო და მისი კვლევითი ლაბორატორიები დაათვალიერეს.
საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge