უნივერსიტეტში ღია კარის დღეები გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში შაბათს, 27 ოქტომბერს, უნივერსიტეტს ეწვივნენ თბილისის 24-ე და 31-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.
საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა და წარჩინებულმა სტუდენტებმა მოსწავლეებს გააცნეს სასწავლო პროცესი და საუნივერსიტეტო გარემო: კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გია დეკანოზიშვილი ახალგაზრდებს ესაუბრა ექსპერტიზისა და კრიმინალური გამოძიების შესახებ და პრაქტიკულად წარუდგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების, კვალთა მოძიების ტექნიკის, ნივთმტკიცების ამოღებისა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების სხვა პროცედურები, რამაც მოსწავლეებისა და პედაგოგების დიდი მოწონება დაიმსახურა.
მედიცინის სკოლის სტუდენტების დახმარებით მოსწავლეებმა პრაქტიკულად განახორციელეს სტომატოლოგიური მანიპულაციები.
ბიზნესისა და მართვის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორებმა და სტუდენტებმა სტუმრებს უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამები და უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი სამეცნიერო, სამაგისტრო და გაცვლითი პროგრამები გააცნეს.
მთელი დღის განმავლობაში მოსწავლეებს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები უწევდნენ მეგზურობას.
ღია კარის დღეები გრძელდება.