საფრანგეთის ელჩს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საფრანგეთის ელჩს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულებას პასკალ მონიეს, საქართველოსა და საფრანგეთის კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

 

უნივერსიტეტს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს საფრანგეთის უმაღლეს საგანათლებლო სასწავლებლებსა და ორგანიზაციებთან. დღეისათვის ის ნანტის, ლილის, სორბონის უნივერსიტეტებთან და ადმინისტრირების ეროვნულ სკოლასთან (ენა) თანამშრომლობს და ახორციელებს 20-მდე ერთობლივ სამაგისტრო, სამეცნიერო და გაცვლით პროგრამას. აღნიშნული პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვანია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მონაწილეობა.

 

დაჯილდოების ცერემონიაზე უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა ელჩს ფრანკოფონიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, საზეიმო ვითარებაში გადასცა საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი დიპლომი, მანტია, სამახსოვრო საჩუქრები და აღნიშნა, რომ ეს წოდება, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდგომაც, მის აღმატებულებასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაგრძელების ერთგვარი პირობაა.

 

საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პასკალ მონიემ ვრცლად ისაუბრა ერთობლივი, ქართულ-ფრანგული პროგრამების განხორციელების მნიშვნელობაზე, უნივერსიტეტის მიღწევებზე, მის წარმატებულ სკოლებსა და პროგრამებზე, საგანგებოდ აღნიშნა სამართლის სკოლის, კრიმინალისტიკისა და სტომატოლოგიის ლაბორატორიებს შესახებ და საზეიმო ცერემონიის მონაწილეებს აცნობა თავისი გადაწყვეტილება: ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორიისა და საფრანგეთის შესაბამისი სტრუქტურის თანამშრომლობას, შუამგომლობა აღძრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე აღნიშნულ ლაბორატორიასთან ერთობლივი თანამშრომლობის თაობაზე; გამოაცხადოს კონკურსი და დააფინანსოს გამარჯვებული სტუდენტის სწავლა საფრანგეთში.

 

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ღარიბაშვილმა უნივერსიტეტთან პარტნიორობის გაგრძელებისა და განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა.

 

ელჩის მრჩეველმა თანამშრომლობისა და კულტურის საკითხებში, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა პიერ კლუემ ისაუბრა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, როგორც ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის შესახებ საქართველოში, რომელთანაც მის ინსტიტუტს წლების განმავლობაში ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს.

 

ღონისძიების დასასრულს ნანტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა რომან კალომ, რომელიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, თავისი პირველი დადებითი შთაბეჭდილება გაუზიარა ფრანგ სტუმრებს.

 

დაჯილდოების ცერემონია საზეიმო ფურშეტით დასრულდა.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge