ახალგაზრდული პოლიტიკის, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური დარგის, სამეცნიერო საფუძვლების მოსამზადებლად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტის გიორგი მომცელიძის ინიციატივით იუვენოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია შეიქმნა.
ლაბორატორია განახორციელებს ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კვლევებს შემდეგი მიმართულებებით: სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა, განათლება, ახალგაზრდობის პრობლემები და სამართალი, სოციალური პოლიტიკა, ეკონომიკა, ბავშვთა და ახალგაზრდობის უფლებები, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და მოძრაობების ისტორია.
ლაბორატორია ხელს შეუწყობს ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების ეფექტურად განხორციელებას, ორგანიზებას გაუწევს სწავლებას, ტრენინგებსა და კონსულტაციებს, ამ საკითხებზე გამოსცემს სამეცნიერო პუბლიკაციებსა და ნაშრომებს, ითანამშრომლებს ყველა იმ სტრუქტურასთან, რომლებიც ახალგაზრდულ პრობლემებზე მუშაობენ.
იუვენოლოგიის ლაბორატორიის ოფიციალური წარდგენა მიმდინარე წლის 22 ივნისს გაიმართა უნივერსიტეტში. პრეზენტაცია წარმომადგენლობითი იყო და მას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია; საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თანამშრომელი მაგდა ბზიკაძე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი თეა გალახვარიძე; საქართველოს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - ლელა ბაქრაძე; გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი; საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი; საზოგადოების - „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“, საერთაშორისო პროექტების დირექტორი მაია ბაქრაძე; ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ თავმჯდომარე მაია ბიბილეიშვილი; საქართველოს კულტურის აკადემიის თავმჯდომარე შოთა მაღლაკელიძე; განათლების ექსპერტები ვახტანგ ქამუშაძე; ეკა სიხარულიძე და ანი კანკია; თბილისის 98-ე, 150-ე, 84-ე, მე-20, 24-ე საჯარო სკოლების დირექტორები; გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე და პროფესორ-მასწავლებლები.
მოწვეულმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს ამ ინიციატივისათვის, ისაუბრეს საკითხის მნიშვნელობისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც, სამწუხაროდ, მრავლადაა ამ სფეროში, აღნიშნეს ამ მიმართულებით დღემდე არსებული პრობლემების კვლევაში ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართვის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის შესახებ.
დასასრულ, ყველა სტუმარმა გამოთქვა ლაბორატორიასთან თანამშრომლობის სურვილი.
საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge