8 ივნისს გერმანიის საელჩომ საქართველოში გამართა მიღება DAAD - ის 2018 წლის სტიპენდიების გადაცემასთან დაკავშირებით. საზეიმო ცერემონიაზე საპატიო სტუმრად მიწვეული იყო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი წლებია წარმატებით თანამშრომლობს გერმანიის აკადემიურ გაცვლით სამსახურთან (DAAD).
2018 წელს უნივერსიტეტმა, როგორც ინსტიტუციამ, აგრეთვე, მისმა სტუდენტებმა და პროფესორებმა, DAAD - ის რამდენიმე სტიპენდია მოიპოვეს, მათ შორის: საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტთა ჯგუფის გერმანიაში სასწავლო ვიზიტის, გერმანული ენის შემსწავლელი კურსებისა და საზაფხულო სკოლების სტიპენდიები.
ამასთან ერთად, წელს სამართლის სკოლის დოქტორანტმა ია ხურციძემ მოიპოვა DAAD - ის კვლევითი, ხოლო საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ის ერთობლივი, კვლევითი სტიპენდია.
ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge