თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი ოთხი წელია თანამშრომლობს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან. სასწავლო კურსი, რომელსაც ეს ცენტრი ხელმძღვანელობს მომავალ ადვოკატებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება და ამით ხელს უწყობს სამართლის ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.
უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები 4 თვის განმავლობაში საადვოკატო პრაქტიკას ცენტრის მიერ ორგანიზებულ იურიდიულ კლინიკაში „ჩემი ადვოკატი“ გადიოდნენ.
სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაუფლებოდნენ საადვოკატო უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებლად ეწარმოებინათ სასამართლო დოკუმენტები და ტრენერ-ადვოკატების ზედამხედველობით დაეცვათ მოქალაქეთა ინტერესები როგორც სასამართლოში, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში.
სასწავლო კურსის დასრულების აღსანიშნავად მოსწავლეთა სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ უნივერსიტეტის სტუდენტებს პრაქტიკული კურსის დასრულება მიულოცა, სერტიფიკატები გადასცა და მომავალ საადვოკატო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საკონტაქტო პირი: მარიამ წიკლაური - m.wiklauri@gruni.edu.ge