გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მოსწავლეებისათვის მიმდინარეობს პროექტი „Teen academy”, რომელიც მიზნად ისახავს უფროსკლასელთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობასა და სასწავლო ტრენინგკურსების მეშვეობით არჩეული პროფესიის უკეთ გაცნობას.
„Teen academy”-ის ფარგლებში უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „გახდი პოლიტიკოსი“, რომელიც ითვალისწინებდა მოსწავლეებისათვის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაცნობასა და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობითა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ კანონპროექტების მომზადებით, მათ წახალისებას.
„გახდი პოლტიკოსის“ ყველა მონაწილემ უნივერსიტეტში გაიარა სასწავლო კურსი, რის შემდეგაც ისინი ჩაერთნენ კანონშემოქმედებით პროცესში. აღნიშნული პროექტის მონაწილე თითოეულმა გუნდმა შეიმუშავა კანონპროექტი და, როგორც საკანონმდებლო წინადადება, წარადგინა ჟიურის წინაშე საქართველოს პარლამენტში გამართულ ფინალურ ღონისძიებაზე.
წარდგენილი ოთხი საკანონმდებლო ინიციატივიდან, გაიმარჯვა ფრაქცია „პროგრესული მოძრაობის” პროექტმა - „პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებ ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. ფრაქცია „პროგრესული მოძრაობის“ წევრები იყვნენ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები: ირაკლი მაჩაიძე - 124-ე საჯარო სკოლა, მე- 11 კლასი; მარიამ პერტენავა და ანა ფეიქრიშვილი - 55-ე საჯარო სკოლა, მე- 11 კლასი; მარიამ კაპანაძე -169-ე საჯარო სკოლა, მე-10 კლასი.
გამარჯვებული ჯგუფის თითოეული წევრი ღონისძიების საზეიმო დახურვაზე უნივერსიტეტისაგან მიიღებს 3 000- ლარიან ვაუჩერს. მისი გამოყენება შესაძლებელია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სწავლის საფასურის გადასახდელად, ხოლო სხვა მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი და 5%-იანი ვაუჩერი, რომელსაც, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნისა და ჩარიცხვის შემთხვევაში, 15%-იც დაემატება.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge