უნივერსიტეტის რექტორატის ხელშეწყობით, მედიცინის სკოლის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები (სულ 17 სტუდენტი) სასწავლო ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდნენ. ისინი მონაწილეობდნენ სემინარში, რომელიც გაიმართა რომის (საპიენსას) უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე და მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე.
საპიენსას უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესია ევროპაში, იგი ჯერ კიდევ 1303 წელს დაარსდა და დღეისათვის ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებად ითვლება არა მხოლოდ იტალიაში, არამედ დასავლეთ ევროპაში. უნივერსიტეტში სწავლობს 112 ათასზე მეტი სტუდენტი, მათ შორის, 3000 - სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ: სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ერსილია ბარბატო, ოდონტო-სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლივია ოტოლენგი, პერიოდონტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ანდრეა პილონი და სხვ. სტომატოლოგიური ფაკულტეტის მუშაობის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა პროფესორმა უმბერტო რომეომ. მასპინძლებმა ქართველი სტუმრების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს.
სემინარის მუშაობაში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცა საპიენსას უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
მასპინძლები დაინტერესდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საქმიანობითა და სასწავლო პროგრამებით. გამოითქვა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების სურვილი, რაც მათ საშუალებას მისცემს უკვე მიმდინარე წელს ეწვიონ საქართველოს.
იტალიაში მოგზაურობის დროს სტუდენტებმა მოინახულეს ვატიკანის მუზეუმი და სიქსტის კაპელა, კოლიზეუმი, ეწვივნენ ბოლონიისა და ფლორენციის მუზეუმებს, მონაწილეობა მიიღეს ვენეციის კარნავალში და სხვ.
საკონტაქტო პირი: ოთარ გერზმავა