კომიტეტის იმიტირებული სხდომა საქართველოს პარლამენტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კომიტეტის იმიტირებული სხდომა საქართველოს პარლამენტში


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოს პარლამენტში გაიმართა კომიტეტის იმიტირებული სხდომა, რომელშიც თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის, გრ.რობაქიძის სახელობის, საქართველოსა და თავისუფალი უნივერსიტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ამ ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

სტუდენტურმა გუნდებმა წარმოადგინეს კანონპროექტები ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის II თავში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით და შეეცადნენ დაესაბუთებინათ თავიანთი მოსაზრებები. სხდომა საინტერესო დისკუსიით მიმდინარეობდა.

 

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, აღნიშნული ინიციატივის მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციების - GIZ-ის, USAID-ისა და გამომცემლობა „იურისტების სამყაროს“ წარმომადგენლები.

 

სტუდენტების მონაწილეობა და მათ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები შეაფასა ჟიურიმ, რომელმაც, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს, საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა და რჩევებიც მისცა.

 

სხდომის დასასრულს სტუდენტური გუნდები წიგნებით დაჯილდოვდნენ.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - 571 129797