ბიზნესსამართლის ყოველწლიური ფორუმი უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბიზნესსამართლის ყოველწლიური ფორუმი უნივერსიტეტში


17 ნოემბერს უნივერსიტეტში გაიმართა ბიზნესსამართლის ყოველწლიური ფორუმი.

 

აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო იმ კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, რაც ქმნის ბიზნესთან დაკავშირებით სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების საფუძვლებს.

 

ფორუმზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა წარადგინეს მოხსენებები ბიზნესსამართლის საკითხებზე, კერძოდ, განხილულ იქნა: სამედიცინო დაწესებულების ქმედებისაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების სპეციფიკა; შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი ასპექტები; სუბროგაცია, როგორც მზღვეველის მოთხოვნის დაკმაყოფილება და მასთან დაკავშირებული პრობლემები; სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები; საბანკო კრედიტისა და სესხის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი დავების განხილვა; სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილი გარემოებისადმი და სხვა.

 

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები, პრაქტიკოსი იურისტები, უნივერსიტეტის სამართლის, ბიზნესისა და მართვის სკოლების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

 

ფორუმის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” შორის.

 

ფორუმის გამართვის ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ: „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის”, „იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი” და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. ფორუმის მხარდამჭერი იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge