სამუშაო შეხვედრა დასაქმების საკითხებს მიეძღვნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამუშაო შეხვედრა დასაქმების საკითხებს მიეძღვნა


უმაღლესი განათლების ეფექტურობა სწავლა-სწავლებასთან ერთად მნიშვნელოვანწილად იმითაც განისაზღვრება, რამდენად თავსებადია მიღებული ცოდნა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და რამდენად უქმნის ის სტუდენტს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობას.

 

დამსაქმებლებთან თანამშრომლობის არსებული პრაქტიკა და სხვა აქტივობებიც აღნიშნული საკითხის მოგვარებას ემსახურება, თუმცა საუკეთესო შედეგის მისაღწევად ეს პროცესი ჯერ კიდევ სრულყოფას საჭიროებს, რადგან უნივერსიტეტსა და დამსაქმებელს შორის თანამშრომლობა ყოველთვის არ არის მოქნილი.

 

ეს საკითხები განიხილეს უმაღლესი საგანმანათლებლო, საჯარო და კერძო დაწესებულებების სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც სტუდენტური დასაქმების პორტალ Studentjob.ge-სა და სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა დასაქმების კოორდინატორი მარიამ წიკლაური.

 

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს შრომით ბაზარზე ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, დამსაქმებელთა მოთხოვნები და მოლოდინი, ისაუბრეს იმ ხარვეზებისა და ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ, რომლებიც უკავშირდება აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, აგრეთვე, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების ურთიერთობას, განიხილეს კვალიფიციური კადრების მოძიების არსებული პრაქტიკა, აგრეთვე ახალგაზრდების პიროვნული და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე საქმიანობა.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა შეიმუშავეს გზამკვლევი, რომელიც დაეხმარება უნივერსიტეტებსა და დამსაქმებლებს აღნიშნული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მოგვარებაში. სამუშაო შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის შესახებაც.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge