აკადემიური მაცნეს სპეციალური გამოცემის პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აკადემიური მაცნეს სპეციალური გამოცემის პრეზენტაცია


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში საზოგადოებრიობის წინაშე წარადგინა სამეცნიერო ჟურნალის „აკადემიური მაცნეს“ სპეციალური გამოცემა „საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები“, რომელიც მიეძღვნა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების განხილვას.

 

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტებმა კრებულში წარმოადგინეს სამეცნიერო და ანალიტიკური სტატიები და შეფასებები, რომლებიც ეძღვნება კონსტიტუციის ცვლილებების როგორც შინაარსობრივ, ასევე პროცედურულ მხარეს. განიხილეს და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: კონსტიტუციის განმარტების პრინციპები და კონსტიტუციის 39-ე მუხლის განსაკუთრებული მნიშვნელობა; საკონსტიტუციო სასამართლოს რეალური კონტროლი კვლავ კონსტიტუციის გადასინჯვის მიღმა და კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა ძირითადი უფლებების განმარტებებთან დაკავშირებით.

 

ამასთან ერთად, აღნიშნულ გამოცემას თან ერთვის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ადამიანის უფლებებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების შეფასება ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც მომზადებულია უცხოელი ექსპერტის სერ ჯეფრი ჯოუელის მიერ კონსტიტუციის პროექტის პირველადი განხილვის საფუძველზე.

 

გამოცემა საინტერესოა აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული ყველა პროფესიის მკითხველისათვის.

 

სამეცნიერო ჟურნალის „აკადემიური მაცნეს“ სპეციალური გამოცემის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მეცნიერები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სამართლის სკოლის დოქტორანტები. სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე, სამეცნიერო კრებულთან დაკავშირებით თავიანთი შეფასებები გამოთქვეს: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ და წევრებმა მერაბ ტურავამ და გიორგი კვერენჩხილაძემ, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ზურან ჯიბღაშვილმა.

 

კრებული მომზადდა უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის, ასოცირებული პროფესორის ანა ფირცხალაშვილის რედაქტორობით.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი; a.pitskhalaishvili@gruni.edu.ge