„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“ აცხადებს სტატიათა კონკურსს და იწვევს სამართლის სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს და სტუდენტებს სამეცნიერო ნამუშევრების (სტატიების) გამოსაქვეყნებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“ აცხადებს სტატიათა კონკურსს და იწვევს სამართლის სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს და სტუდენტებს სამეცნიერო ნამუშევრების (სტატიების) გამოსაქვეყნებლად

ჟურნალი გამოიცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. ჟურნალი მოიცავს სხვადასხვა ტიპის სტატიას კონსტიტუციური სამართლის სფეროში და მიზნად ისახავს დარგის ირგვლივ აქტიური აკადემიური დისკუსიის წარმართვას.

 

ჟურნალი საერთაშორისო რეფერირებადი გამოცემაა. იგი Ulrichsweb საერთაშორისო რეფერირებადი პერიოდული გამოცემების სიაშია განთავსებული, ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომები კი ასევე ქვეყნდება Heinonline-ის სამართლებრივი სტატიების საერთაშორისო საძიებო სისტემაში.

 

ინფორმაცია სამეცნიერო ნამუშევრების (სტატიების) წარდგენის მსურველთათვის

 

სტატიის ავტორი თავისუფალია თემის არჩევაში, მთავარია, საკვლევი თემა საკონსტიტუციო სამართალს უკავშირდებოდეს, განსაკუთრებით ინტერესის საგანია კონსტიტუციურ კონტროლთან დაკავშირებულისაკითხები.

 

კონკურსი ცხადდება შემდეგი ტიპის ნაშრომებისათვის:

  1. აკადემიური ნაშრომი;

  2. სტატია;

  3. სტუდენტური ნაშრომი;

  4. სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა;

  5. ლიტერატურის მიმოხილვა.

 

  • ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური, არ უნდა იყოს უკვე გამოქვეყნებული;

  • ნაშრომი უნდა იყოს აქტუალური, საკონსტიტუციო სამართლის პრობლემურ ან მნიშვნელოვან საკითხზე ფოკუსირებული;

  • ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებულ დისკუსიაში ჩართვას ან ახალი დისკუსიის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი არგუმენტები და დასაბუთებული მოსაზრებები;

  • ნაშრომში კვლევის მეთოდოლოგიის არსებობის შემთხვევაში, იგი სრულად უნდა იყოს დაცული.

 

ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები

 

სტატიის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე. სტატიას თან უნდა ახლდეს 100-სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის მოკლე რეზიუმე. რედაქტირებისას, შესაძლებელია, სტატიების ზომისა და შინაარსის კორექტირება. სტატიების რედაქტირებას უზრუნველყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

 

ყველა ტიპის სტატია დამუშავდება ვიზუალური თვალსაზრისით, შესაძლოა შეიცვალოს შრიფტი, შრიფტის ფერები, გვერდის არეები (page margins), ხაზებს შორის დაშორება (line spacing), აბზაცებს შორის დაშორება (paragraph spacing) და ფორმატირების სხვა საკითხები.

 

საავტორო უფლებების საკითხი

 

ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებზე ავტორები ჟურნალს გადასცემენ განსაკუთრებულ (ექსკლუზიურ) ლიცენზიას ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოყენებაზე, თარგმნაზე, ვიზუალურ დამუშავებაზე. ავტორებს რჩებათ უფლება გადაამუშავონ და რეპროდუცირება გაუკეთონ საკუთარ ნამუშევრებს, იმ პირობით, რომ ჟურნალი, მითითებული იქნება, როგორც პირველადი გამოცემის წყარო  და ამის შესახებ ჟურნალს წინასწარ ეცნობება წერილობითი სახით; ჟურნალში ნაშრომები განთავსდება - creative commons ლიცენზიით, კერძოდ Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზიით, რაც გულისხმობს მისი გამოყენების უფლებას ნებისმიერი მიზნით, წყაროს მითითების ვალდებულებით.

 

სტატიის წარდგენის წესი

 

სტატია მიიღება უშუალოდ ავტორისაგან. სტატიის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია.

 

განსახილველად წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს დასრულებული. ავტორებს პასუხი ეცნობებათ ნამუშევრის წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. აღნიშნულ პერიოდში ჟურნალის მხრიდან ავტორებს შეიძლება მოეთხოვოთ ნაშრომში გარკვეული რედაქციული ცვლილებების შეტანა, რისთვისაც ჟურნალი ცვლილებების მოცულობიდან გამომდინარე, ავტორებს განუსაზღვრავს შესაბამის ვადას.

 

მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word *.doc), თითოეული ტიპის სტატიისთვის დადგენილი მოთხოვნები შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.constcourt.ge/ge/publications

 

სტატიის შერჩევისას განმსაზღვრელია ნამუშევრის ხარისხი და აქტუალურობა. ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს ჟურნალის ეთიკის წესებს (პლაგიატის აკრძალვა, წყაროს მითითებისა და ციტირების წესი), რაც ხელმისაწვდომია აქ:
www.constcourt.ge/ge/jcl

 

ჟურნალის რედაქციასთან დაკავშირება და ნაშრომების გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jcl@constcourt.ge არაუგვიანეს 2018 წლის 1 აგვისტოსა.

 

გისურვებთ წარმატებას!