იტვირთება...
კონკურსი გრუნიში - "ქუჩის ხელოვნება (კედლის მხატვრობა) - მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი გრუნიში - "ქუჩის ხელოვნება (კედლის მხატვრობა) - მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად“


2025 წლის 18 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კონკურსის - "ქუჩის ხელოვნება (კედლის მხატვრობა) - მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად“ - დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

 

პროექტი განხორციელდა თბილისის მერიისა და ArtOa-ს მხარდაჭერით. კონკურსის გამარჯვებულთა ნამუშევრების მიხედვით, ნოემბერსა და დეკემბერში მოიხატა მზიურისა და ვაკის პარკის ტერიტორიის კედლები.

 

კონკურსის დასკვნით ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები: ნანინა ანდღულაძე და ნიკოლოზ კახელიშვილი. დამსწრე საზოგადოებას, ამავდროულად, ჰქონდა შესაძლებლობა, გაცნობოდა მათ ნამუშევრებს.

 

ნიკოლოზ კახელიშვილმა გამარჯვება მოიპოვა ჟიურის შეფასებათა ჯამური ქულისა და სოციალური მედიით მიღებული გამოხმაურების საფუძველზე და დაჯილდოვდა 500 ლარით, ნანინა ანდღულაძე კი დასახელდა პარტნიორი კომპანიის - ArtOa-ს, რჩეულად და დაჯილდოვდა 250 ლარით.

 

პროექტი განხორციელდა 2024 წელს ჩატარებული ფოტო-ვიდეო კონკურსის (SDGs Awareness Competition) წარმატებული გამოცდილების საფუძველზე.

 

ღონისძიებას ესწრებოდა სოფიო უგრეხელიძე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი.

 

21-ე საუკუნეში ქუჩის ხელოვნება (graffiti art) იქცა ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და ეფექტურ საკომუნიკაციო ინსტრუმენტად, რომელიც სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს ესთეტიკურად მიმზიდველ ნამუშევრებს მკაფიო სოციალური და გარემოსდაცვითი გზავნილებით. კონკურსი მიზნად ისახავდა მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დიალოგის ინიცირებასა და მდგრადი განვითარების გლობალური მნიშვნელობის გააზრებას.

 

პროექტი სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების კონცეფციას და ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე გლობალური დღის წესრიგის (Agenda 2030) განხორციელებას.