გრუნი-ს გამოცდილებამ საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი-ს გამოცდილებამ საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია


2024 წლის 16 მარტს, გამოცდილების გაზიარების მიზნით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრ-ს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ სტუმრებს გააცნო გრუნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები. აღნიშნა, რომ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრის შექმნით უნივერსიტეტმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება ახალგაზრდა თაობის იურისტებში პოპულარიზაცია გაუწიოს დავის რეგულირების ახალი მექანიზმს. დღევანდელ საზოგადოებაში მედიაციის, კომპრომისის, შერიგების უნარების გამომუშავება გარდაუვალი აუცილებლობაა და მისი მეცნიერული და პრაქტიკული შესწავლა დაეხმარება ახალგაზრდების პროფესიულ დაოსტატებას, ამასთანავე, მედიაციის იდეის გავრცელებასა და დანერგვას.

 

უნივერსიტეტის პროფესორი, მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი დელეგაციის წევრებს ესაუბრა მედიაციის ქართული მოდელის როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამებში მედიაციის, როგორც სასწავლო კურსის, დამკვიდრების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია - სტუდენტებმა შეისწავლონ ამ ინსტიტუტის არა მხოლოდ თეორიული მხარე, არამედ დაეუფლონ მედიაციის პროცესის მახასიათებელ პრაქტიკულ უნარებს და სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში განავითარონ სამეცნიერო კვლევები.

 

უნივერსიტეტის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრის საქმიანობის შესახებ სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა ცენტრის ხელმძღვანელმა, სამართლის სკოლის დოქტორანტმა - ნინა გერსამიამ.

 

შეხვედრის მუშაობაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები - გიორგი მირიანაშვილი და გულნაზ გალდავა, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორი - ზურაბ აზნაურაშვილი.

 

დელეგაციის წევრებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს ქართული მედიაციის მოდელის ეფექტურობა და ამ გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. განიხილეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პერსპექტივები.