სამეცნიერო გამოფენა და მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი ბათუმში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამეცნიერო გამოფენა და მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი ბათუმში


11 დეკემბერს ბათუმის წარმომადგენლობაში მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაციების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის ყველა სკოლის მიერ ბოლო წლებში გამოცემული კრებულები, ჟურნალები, მონოგრაფიები და სხვა სამეცნიერო ნაშრომები.

 

ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ამირან მესხიშვილმა გახსნა გამოფენა, დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა სტუმრები და ისაუბრა სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ. რექტორის მოადგილემ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ სტუმრებს გაუზიარა ინფორმაცია უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების საქმიანობის ანგარიშებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

 

მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში სამეცნიერო საქმიანობის ს კიდევ უფრო გასააქტიურებლად დაფუძნდა მულტიდისციპლინური სამეცნიერო სემინარი, რომელიც პერიოდულად, 2 თვეში ერთხელ, გაიმართება თბილისსა და ბათუმის წარმომადგენლობაში. თბილისში მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში მოხსენებას გააკეთებს ბათუმის წარმომადგენლობის აკადემიური პერსონალი, ხოლო ბათუმში თბილისის კამპუსის აკადემიური თანამშრომლები. აღნიშნული ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ბათუმი-თბილისის კამპუსების ინტეგრაციას.

 

ბათუმის წარმომადგნელობის სტუდენტების და პერსონალისთვის გამართულ თავდაპირველ მულტიდისციპლინურ სამეცნიერო სემინარზე, გამოსვლის პატივი წილად ხვდა პროფესორ გიორგი ცუცქირიძეს, რომელმაც მოხსენება გააკეთა თემაზე: „პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს საბანკო სექტორის განვითარების ტენდენციები და მისი ზეგავლენა ადგილობრივ ეკონომიკაზე“.

 

სასემინარო მუშაობაში მონაწილეობდნენ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ტურიზმის, სამართლის, საჯარო მმართველობის და პოლიტიკის პროგრამის სტუდენტები და პერსონალი. აქტუალური საკითხის ირგვლივ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდა პროფესორი გიორგი ცუცქირიძე და პროფესორი ვახტანგ ჭარაია.

 

შეხვედრას ორგანიზება გაუწია წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში, გუგული თურმანიძემ.