2023 წლის 27 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან.
ხელმოწერის საზეიმო ცერემონიაზე აღინიშნა, რომ ახალგაზრდა თაობების განათლებისა და დახელოვნების მიზნით უნივერსიტეტები ისწრაფვიან საქმიანი და კოლეგიალური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცებისაკენ და გამოხატავენ ორმხრივ დაინტერესებას საერთო საქმის სასიკეთოდ.
მემორანდუმით გათვალისწინებულია მხარეებს შორის ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, სამეცნიერო კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა, ერთობლივი ღონისძიებების (ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ფორუმების, შეხვედრების) დაგეგმვა და განხორციელება, უნივერსიტეტების სამეცნიერო შრომების პოპულარიზაციასა და საჯარო ლექციების ჩატარებაში ხელშეწყობა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ, შეხვედრაზე ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის ამგვარი თანამშრომლობის როლისა და მნიშვნელობის შესახებ, რომელიც აძლიერებს საგანმანათლებლო სფეროს და ახალ გამოცდილებას სძენს ინსტიტუციებს.