ასოციაცია „ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის“ გრუნის პარტნიორი გახდა.
2023 წლის 19 სექტემბერს, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ერთობლივი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას, რესურსების (მათ შორის, ინტელექტუალური) გაზიარებას, სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებასა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ასოციაციას ამ მიმართულებით წარმატებული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.
თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია: ერთობლივი პრაქტიკული კომპონენტების - სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების - შემუშავება და დანერგვა; ზრუნვა სტუდენტების შემდგომ კარიერულ ზრდა-განვითარებაზე; უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და ასოციაციის ექსპერტთა ჩართვა ერთობლივად ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში.
ხელმოწერის ცერემონიის შემდგომ მხარეებმა ისაუბრეს ფორმალური და არაფორმალური განათლების შესახებ, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით, განსაზღვრეს პრიორიტეტები.
თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სტუდენტებთან.
აღსანიშნავია, რომ გრუნის 4 სტუდენტი, ორგანიზაციის დახმარებით, 15 სექტემბერს გაემგზავრა საფრანგეთში, ევროკავშირის 10 - დღიან პროექტზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები: გიორგი მირიანაშვილი და გულიკო გალდავა, რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსი, მერი ლომია და ასოციაციის დირექტორი - ლექსო მეტრეველი.