04 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო მმართველობის დოქტორის, გრუნის იუვენოლოგიის სამეცნიერო-კველევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის გიორგი მომცელიძის მონოგრაფიის - „იუვენოლოგიის პოლიტიკური განზომილება“, პრეზენტაცია.
მონოგრაფია მომზადდა პოსტდოქტორანტურის პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგად და გამოიცა იუვენოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საგამომცემლო პროექტის ფარგლებში, მას რედაქტორობას უწევდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.
პრეზენტაციაზე მონოგრაფიის ავტორმა აღნიშნა, რომ სამეცნიერო გამოცემის ფუნქციაა საფუძველი ჩაუყაროს ინტერდისციპლინურ დარგს - იუვენოლოგიას, მეცნიერებას ახალგაზრდობის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ახალ სამეცნიერო პარადიგმას. მონოგრაფიაში მოცემულია მისი კონცეპტუალური და სამეცნიერო თავისებურება და სოციალური ინდიკატორები ახალგაზრდობის ფენომენის ცალკეული ასპექტის შემსწავლელი დარგების კონტექსტში, დასაბუთებულია იუვენოლოგიის აქტუალიზაციის აუცილებლობა, როგორც ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირებისა და განხორცილებისათვის კომპლექსური მეცნიერული საფუძვლების უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
გიორგი მომცელიძის ნაშრომი შეაფასა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ: „...მონოგრაფიის მნიშვნელობა იმითაც იზომება, რომ ახალგაზრდობა არის ქვეყნის განვითარების ძლიერი რესურსი, ამიტომ ახალგაზრდული პოლიტიკის მეცნიერული შესწავლა ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შემუშავებას ამ დარგის განვითარებისათვის...“
მონოგრაფიის შესახებ ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ზაზა მარუაშვილმა, გრუნის რექტორის მოადგილემ გიორგი მირიანაშვილმა, პროფესორმა მიხეილ გოგატიშვილმა და ახალგაზრდული საკითხების ექსპერტმა შოთა მაღლაკელიძემ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: გრუნის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, დარგის სპეციალისტები, ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ექსპერტები.