2023 წლის 19 და 26 აპრილს მედიცინის სკოლის სტომატოლოგიის მიმართულების აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა პროფესიული განვითარების ტრენინგი „შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნება (CBCR )“, რომელსაც უძღვებოდა მედიცინის სკოლის პროფესორი, სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, სამედიცინო განათლების ექსპერტი, სტომატოლოგიის საუნივერსიტეტო ცენტრის „გრუნივერსი“ ხელმძღვანელი ნინო წილოსანი.
CBCR სამედიცინო განათლების ექსპერტების მიერ აღიარებულია სწავლების ინოვაციურ მეთოდად. მისი მიზანია გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, რთული ქეისების კომპლექსურად შეფასების და დიაგნოსტირების უნარების გამომუშავება, მკურნალობის სტრატეგიის შემუშავება და დაგეგმარება.
ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს სტუდენტზე ორიენტირებული და კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებული მეთოდის დაგეგმვისა და იმპლემენტაციის პრინციპები, კლინიკური ქეისების მომზადების თავისებურებები, სესიის მონაწილეების-კონსულტანტის (მასწავლებლის), ლიდერი სტუდენტებისა და სესიის მონაწილე სხვა სტუდენტების როლი და ფუნქციები, ასევე, სტუდენტთა კლინიკური აზროვნების უნარების შეფასების კრიტერიუმების შედგენის პრინციპები და სხვა.
დასასრულ, პროფესორმა ნინო წილოსანმა უპასუხა ტრენინგის მონაწილეების შეკითხვებს.