გასვლითი ლექციები ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი ლექციები ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის


სტუდენტების დაინტერესება მეცნიერების სხვადასხვა დარგით და ამ მიზნით ორგანიზებული საინტერესო შეხვედრები, გასვლითი ლექციები, კვლევითი ლაბორატორიებისა თუ ცენტრების სტუმრობა, კვლევითი/პრაქტიკული კომპონენტების ჩართვა სასწავლო პროცესში - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია.

 

გრუნის სამეცნიერო- კვლევითი ცენტრისა და ბიზნესისა და მართვის სკოლის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 11-13 აპრილს ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისათვის ჩატარდა ორდღიანი გასვლითი ლექცია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ ლაბორატორიაში.

 

სტუდენტების ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ უნივერსიტეტის პროფესორები: გოჩა ოჩიგავა და მაკა ფირანაშვილი. მთავარი მასპინძელი გახლდათ გარემოს ეროვნული სააგენტოს ზოგადი და გამოყენებითი კლიმატოლოგიის განყოფილების უფროსი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლიანა ქართველიშვილი. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ჰიდროლოგიაში, ნიადაგმცოდნეობაში, მეტეოროლოგიაში, კურორტოლოგიასა და კლიმატოლოგიაში მიმდინარე კვლევებისა და მიღებული მონაცემების შესახებ ინფორმაციას. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო - ამ მონაცემების  ზეგავლენა ტურისტული სერვისების განვითარებაზე. გარემოს ეროვნული სააგენტოსა ლაბორატორიაში, რომელიც უნიკალურია თავისი მნიშვნელობითა და ბოლოდროინდელი განვითარების ხარისხითა და მასშტაბებით, სტუდენტები შეხვდნენ დარგის სპეციალისტებს, უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ამა თუ იმ ცდაში, დაკვირვებაში. მათ მიეწოდათ ინფორმაცია უახლესი კვლევებისა და თანამედროვე დანადგარების შესახებ.

 

არანაკლებ საინტერესო იყო შეხვედრები თავად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში, სადაც მუშავდება ზემოაღნიშნული ლაბორატორიიდან მიღებული მონაცემები. ამ შემთხვევაშიც მთავარი აქცენტი გაკეთდა ტურიზმის განვითარებაში ამინდის წინასწარი პროგნოზირების მნიშვნელობაზე.

 

ტურიზმზე კლიმატური ცვლილებების ზეგავლენის შესახებ ახალგაზრდებს ესაუბრა პროფესორი ლიანა ქართველიშვილი, რომელიც შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიებიცაა: ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებაზე კლიმატური ცვლილების ზეგავლენა, ტურიზმის მიმართულებით კონკრეტული დისციპლინების სწავლების მიზანშეწონილობა, დროსა და სივრცეში სხვადასხვა კლიმატური ინდექსის განაწილების შესახებ სტატისტიკური მონაცემების მნიშვნელობა.

 

საქართველოს დაცულ ტერიტორიებსა და კლიმატურ ცვლილებებზე პრეზენტაცია წარადგინა გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროსმა, ბიოლოგიის დოქტორმა ხათუნა წიკლაურმა. ორივე პრეზენტაციამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ გასვლითი ლექციები ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მადლობას უხდის ღონისძიების ყველა მონაწილეს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებით, პროფესორ ლიანა ქართველიშვილს, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.