ახლად არჩეული და მოწვეული პერსონალის საუნივერსიტეტო გარემოსთან სწრაფი ადაპტაციის მიზნით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ჩაატარა სწავლება, რომელშიც თბილისის კამპუსის თანამშრომლებთან ერთად, ბათუმის წარმომადგენლობის პერსონალიც მონაწილეობდა. ტრენინგის ცალკეულ თემატურ სექციას უძღვებოდნენ: რექტორი მამუკა თავხელიძე, რექტორის მოადგილე გულნაზ გალდავა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მოგელი შენგელია, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი გიორგი მირიანაშვილი, ელექტრონული ბაზების ადმინისტრატორი ნათია ტაბატაძე.
სწავლების მონაწილეებს მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ, რომელმაც ისაუბრა უნივერსიტეტის მისიისა და იმ ძირითადი მიმართულებების შესახებ, რომლითაც ეს საგანმანათლებლო დაწესებულება წარმართავს თავის საქმიანობას და რაც განსაზღვრავს გრუნის ადგილს ზოგადად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა თითოეულ მათგანს.
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ახალ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს გააცნეს უნივერსიტეტის სტრუქტურა, საუნივერსიტეტო საზოგადოების ეთიკის კოდექსი, აკადემიური თავისუფლების პრინციპები, სტუდენტებთან ურთიერთობის ტაქტიკა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეგულაციები; განუმარტეს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები, პერსონალის შეფასების შედეგების გამოყენებისა და უკუკავშირის პრინციპები, პროგრამის/სილაბუსის შემუშავების, ცვლილებების შეტანისა და დამტკიცების წესები, სწავლება-სწავლის ინტერაქტიური მეთოდები, პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმები.
ელექტრონული ბაზების ადმინისტრატორმა ნათია ტაბატაძემ ტრენინგის მონაწილეებს გააცნო სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში - „ნექსუსი“, მუშაობის პრინციპები და ფორმები.