უნივერსიტეტი, თავისი მისიის შესაბამისად, აგრძელებს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც საზოგადოების განვითარებას, მისი მზარდი შემეცნებითი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება.
ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტად შეიძლება ჩავთვალოთ საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ექსპერტის, ანალიტიკოსის, გრუნის პროფესორის, დემურ გიორხელიძის მიერ ინიცირებული და მომზადებული პოპულარულ ლექციათა ციკლი არაწრფივი - პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც 4 თვეზეა გათვლილი. დაინტერესებული პირები სიღრმისეულად გაერკვევიან უაღრესად რთული, მრავალფაქტორიანი და სწრაფად ცვალებადი თანამედროვე გლობალური პოლიტიკის ნიუანსებში, ახსნიან მისი სუბიექტების არცთუ პროგნოზირებადი ქცევის მოტივებს. კურსი ორიგინალურია და პოლიტიკას განიხილავს თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი საყრდენის - არაწრფივი დინამიკის საფუძველზე: ეს არის წმინდა მეცნიერული ფუძე, რომელიც პოლიტიკას აანალიზებს მეცნიერული მეთოდოლიგიისა და ინსტრუმენტარიუმის გამოყენებით.
პირველი ლექცია ჩატარდა 2022 წლის 6 მარტს, გრუნის ატრიუმში, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები, არამხოლოდ საკონტაქტო, არამედ ონლაინფორმატით. ლექცია ინტერაქტიური იყო და მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
პროექტის ვიდეო-ვიზუალურ მხარეს და მის არქივირებას GRUNI მულტიმედიაცენტრი, გამორჩეულ სტუდენტებთან ერთად, უზრუნველყოფს.
მომდევნო ლექცია გაიმართება მ.წ.13 მარტს, 18 საათზე, გრუნის ატრიუმში.