2022 წლის 11-12 თებერვალს მედიცინის სკოლის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჰიბრიდული ფორმატით ჩატარდა ტრენინგი სამედიცინო განათლების მოდერნიზაციის ძირითადი ასპექტები - (OSCE/OSPE)
ტრენინგის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ სამედიცინო განათლების ახალი სტრატეგიის არსს, რაც ითვალისწინებს შედეგზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ჩარჩოს შემუშავებას, შეფასდა ინტეგრირებული კურიკულუმის მნიშვნელობა, რომელიც თავიდან გვაცილებს ცოდნის ფრაგმენტაციას და სწავლის შედეგებზე გასვლის შესაძლებლობას გვაძლევს. განიხილეს სწავლება-სწავლისა და შეფასების რელევანტური მეთოდები. ასევე დეტალურად იქნა განხილული მილერის პირამიდის პრინციპი (კომპეტენციების ჩარჩო–მოდელი), რომელზე დაყრდნობითაც ვახდენთ სტუდენტის, როგორც კოგნიტური, ისე კლინიკურ უნარების შეფასებას.
ტრენინგზე დიდი ადგილი დაეთმო სტუდენტის კლინიკური უნარების შეფასების ოქროს სტანდარტის OSCE-ს და მისი ერთერთი მოდიფიკაციის OSPE-ს დაგეგმვის, ორგანიზების და იმპლემენტაციის ძირითადი პრინციპების განხილვას. ტრენინგის მონაწილეებმა ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს OSCE-ს სადგურების დაგეგმვაში, სტუდენტის მეგზურისა და თითეული სადგურისთვის შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში. განხილული იყო სტანდარტიზებული პაციენტისა და შემფასებლების მომზადების ძირითადი პრინციპები.
ამავე ტრენინგზე მსმენელებმა წამოაყენეს წინადადება უნივერსიტეტში OSCE-ს კომიტეტის შეიქმნის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს შეფასების სისტემის კიდევ უფრო სრულყოფას.
ტრენინგს უძღვებოდნენ პროფესორი ნინო წილოსანი - სამედიცინო განათლების ექსპერტი, AMME (ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია) სერტიფიკატების მფლობელი და პროფესორი ზაზა ბერიშვილი, მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი.
ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდა მედიცინის სკოლის 22 აკადემიური და მოწვეული პერსონალი.