გრუნი სულ უფრო აფართოებს თანამშრომლობას წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებთან. ასეთი თანამშრომლობის ერთ-ერთი შედეგია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთობლივი პროექტი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების აუცილებლობის შესახებ - რომელმაც გაიმარჯვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. პროექტი გულისხმობს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების შექმნას. მისი მიზანია დაეხმაროს იუსტიციის ორგანოებს დანაშაულობის თვისებრივ კვლევასა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში, ამავე დროს, ხელი შეუწყოს საქართველოში კრიმინოლოგიის მეცნიერებათა შემდგომ განვითარებას.
2021 წლის 10 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროში ხელშეკრულებას ხელი მოაწერა პროექტის ავტორმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პროფესორმა რატი ბრეგაძემ გამარჯვებულებს წარმატება პირადად მიულოცა.