13 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტური ლექტორიუმის ინიციატივით მოსწავლეებისათვის დაიწყო პროექტი „ საუბრები ფსიქოლოგიაზე“.
ეს გადაწყვეტილება ფსიქოლოგიის მიმართულების წარჩინებულმა სტუდენტებმა ამ საკითხებისადმი მოსწავლეების დიდი ინტერესის გამო მიიღეს.
პროექტში კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულების 60-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.
პირველი შეხვედრა დაეთმო მოწვეული პროფესორის თამარ ჩხაიძის ინტერაქტიურ ლექციას, რომელმაც ისაუბრა ფსიქოლოგიური ტესტების საფუძველზე პიროვნების ტიპების გამოვლენის შესახებ.
ლექციამ მოსწავლეების დიდი მოწონება დაიმსახურა.
14-15 მაისს პროექტი სტუდენტი-ლექტორების პოპულარული ლექცია-საუბრებით გაგრძელდება.
სალომე ბერუაშვილი, მანანა გელაშვილი, როენა ბახია, მაგდა ლომაია, ნატა კურტანიძე, გიორგი კარსანიძე, ვეკო ჩეკურაშვილი და ლექსო ცხოვრებაძე თეორიული და პრაქტიკული ელემენტების გამოყენებით მოსწავლეებთან ისაუბრებენ: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის, მავნე ჩვევების (გიმბლინგი, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია), ბულინგის, დეპრესიისა და სუიციდის გამომწვევი ფაქტორებისა და ემოციის მართვის შესახებ.
პროექტი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების დახმარებითა და ჩართულობით ხორციელდება.
21 მაისს „ საუბრები ფსიქოლოგიაზე“ პროფესორ თამარ გაგოშიძის საჯარო ლექციით დაიხურება.
უნივერსიტეტში სტუდენტური ლექტორიუმი ერთი წელია ფუნქციონირებს. ცოდნის გაღრმავებასა და საჭირო უნარ-ჩვევების შეძენასთან ერთად, მისი მიზანია მიღებული ცოდნის გადაცემა და ამით თაობათა შორის კავშირის განმტკიცება, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა და უნივერსიტეტის პოპულარიზაცია.
სტუდენტური ლექტორიუმის მუშაობაში უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის წარჩინებული სტუდენტებიც აქტიურად მონაწილეობენ.