გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი უკვე რამდენიმე თვეა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრია და აქტიურად თანამშრომლობს აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ფრანკოფონი სტუდენტების განათლების ხელშეწყობის, მათი წახალისების, ფრანგული ენის ცოდნის დონისა და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესების, მასწავლებლებისა და სტუდენტთა საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფის, ერთობლივი კონფერენციებისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზების მიზნით.
მიმდინარე წლის მარტში სააგენტომ გამოაცხადა კონკურსი ფრანკოფონი სტუდენტების ფესტივალის მონაწილე წარჩინებული ახალგაზრდების შესარჩევად.
მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ფრანგული ენის ცოდნის დონის მიხედვით სააგენტომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ორი სტუდენტი: მეგი გვილავა - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა და ლიკა სუდაძე- სამართლის სკოლა, დაასახელა. ისინი მიმდინარე წლის 1 ივლისს სააგენტოს სრული დაფინანსებით გაემგზავრებიან ბულგარეთში ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.
უნივერსიტეტი ულოცავს მეგი გვილავასა და ლიკა სუდაძეს ამ წარმატებას.