საერთაშორისო კონფერენციამ „დღის წესრიგი 2030“, რომელიც თბილისში საქართველოს პარლამენტის ინიციტივითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით 28-29 მაისს გაიმართა, განიხილა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის საკითხი. კონფერენციის თანაორგანიზატორები იყვნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.
კონფერენციაზე დიპლომატიური მისიების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების, სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლება იმსჯელეს მდგრადი განვითარების იმპლემენტაციის პროცესის მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და მიღებულ გამოცდილებაზე.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - სოფიო კილაძემ, კონფერენციის გახსნისას აღნიშნა, რომ კონფერენციის მხარდამჭერებთან - გრიგოლ რობაქიძისა და კავკასიის უნივერსიტეტებთან, კოორდინირებული მუშაობით რამდენიმე თვეში შესაძლებელი გახდა დასახული მიზნის რეალიზება და საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა.
29 მაისს კონფერენცია გაგრძელდა სესიით „მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით პროცესში“. სესიის ფარგლებში განიხილეს ამ მიმართულებით არსებული ქართული, გერმანული და საერთაშორისო გამოცდილება და გაიზიარეს რეკომენდაციები რეგულირების ზეგავლენის შეფასების, როგორც მდგრადი განვითარების ინსტრუმენტის დანერგვა-გამოყენებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, ასევე, შეფასების განხორციელების პროცესში, სამეცნიერო და აკადემიური წრეების ჩართულობის მნიშვნელობა, განხილულ იქნა თანამშრომლობის აპრობირებული და სხვა შესაძლო ფორმები.
სესიის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ანა ფირცხალაშვილი.
კონფერენციის ორგანიზებაში უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge