უწყვეტი სამედიცინო განათლება - უნივერსიტეტის პრიორიტეტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უწყვეტი სამედიცინო განათლება - უნივერსიტეტის პრიორიტეტი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში განაგრძობს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულების სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირის – კლინიკური მენეჯერის, გადამზადების სასწავლო კურსის განხორციელებას.

 

სასწავლო კურსი განკუთვნილია ჯანდაცვისა და სადაზღვევო სისტემაში მომუშავე ყველა სპეციალობის ექიმისათვის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის, რომელთაც სურთ ცოდნის გაღრმავება ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით. სასწავლო პროგრამაში განხილული პრობლემები შერჩეულია ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრატეგიული მიმართულებების გათვალისწინებით.

 

15 მაისს უნივერსიტეტის ახალ, ადმინისტრაციულ კამპუსში, გაიმართა მეექვსე სასწავლო კურსის შემაჯამებელი შეხვედრა. კურსის ხელმძღვანელმა ოთარ გერზმავამ ისაუბრა პროგრამისა და კერძოდ, მეექვსე სასწავლო კურსის შედეგების შესახებ. 

 

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს სასწავლო კურსის მუშაობა და მადლობა გადაუხადეს სასწავლო პროცესში მონაწილე აკადემიურ პერსონალს.

 

აღინიშნა, რომ თითოეულმა მონაწილემ ახალი და მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა, რომელიც ითვალისწინებს ისეთი საკითხების გაცნობასა და შესწავლას, როგორიცაა: ჯანდაცვის მენეჯმენტის ძირითადი პრინციპების მოქმედების თავისებურებანი სამედიცინო დახმარების დარგში, მოტივაციის პრინციპების გამოყენება პერსონალთან და პაციენტთან მუშაობის პროცესში; დაწესებულების ბიზნესგეგმისა და კლინიკის ხარისხის მართვის გეგმის შედგენა და განხორციელება და სხვა.

 

დასასრულ, სამედიცინო პერსონალს გადაეცათ პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი მოწმობა.

 

მეექვსე სასწავლო კურსის მუშაობაში მონაწილეობდა 23 სამედიცინო პერსონალი საქართველოს ყველა რეგიონიდან. პროგრამა გრძელდება.

 

 

საკონტაქტო პირი: ოთარ გერზმავა - 599 503 407