უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრმა, რომელიც პრეზიდენტი სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა, საჯარო, საგანმანათლებლო, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების თანამშრომლებისათვის პირველი სწავლება გამართა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული ეთიკისა და ქცევის წესების დანერგვა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება, ჩვენი საქმიანობის ყველა სფეროში, სულ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური ხდება. თვალშისაცემია ის გამოწვევები, რომლებიც ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს. ამის გათვალისწინებით მსმენელები გაცნენ პროფესიული ეთიკისა და ქცევის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს:
„ეთიკის საფუძვლები“ მსმენელებს წარუდგინა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თეიმურაზ ფაჩულიამ;
„საჯარო სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობა და კორუფცია, პროფესიული ეთიკისა და ქცევის საკითხები“ - საჯარო მმართველობის დოქტორმა თეა სამჭკუაშვილმა;
„სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების საქმიანობის ძირითადი პრინციპები, პროფესიული ეთიკისა და ქცევის საკითხები“ - პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ;
თითოეული თემის განხილვას თან ახლდა დისკუსია. სწავლების დასასრულს შემუშავდა დასკვნითი რეკომენდაციები, სწავლების მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
სწავლებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, ა(ა)იპ დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის წევრები, გრიგოლ რობაქიძის სახელობის, საქართველოს ტექნიკური და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორ – მასწავლებლები.
სწავლების მონაწილეებს მიესალმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, სწავლების მონაწილეები წარადგინა უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.